სპორტის მთავარი

20 იანვარი 2023, 20:04 727 ნახვა

უმაღლეს ლიგაში გადასული ქობულეთის „შუქურა“ შესაძლოა დაიშალოს. არც ფეხბურთელებს და არც კლუბის პერსონალს თითქმის სამი თვის მანძილზე ხელფასი არ აუღია და შეკრებაზეც უარს აცხადებს. კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა დირექტორმა ირაკლი ბერიძემ. დღეს ქობულეთის მერიასთან „შუქურას“ ფეხბურთელები, კლუბის ყოფილი დირექტორი და ვეტერანი სპორტსმენები შეიკრიბნენ, რომლებიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ და კლუბში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ, რომელიც მათ თანადგომას დაპირდა. „შუქურას“ პირველი მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში 25 თებერვალს აქვს, თუ გუნდი ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას, არ არის გამორიცხული, კლუბი რეგიონალ ლიგაში დააქვეითონ.

ხვიჩა კვარაცხელია სალერნიტანას წინააღმდეგ არ ითამაშებს. ინფორმაცია ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ დაადასტურა."სალერნოში ჩვენთან ერთად არ მოდის, სახლში რჩება. სიცხე აღარ აქვს, მაგრამ ექიმმა სიმპტომების გამო წამლები დაუნიშნა", - თქვა პრესკონფერენციაზე სპალეტიმ. ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორე მატჩს ტოვებს, წინა კრემონეზესთან მატჩი იყო. კვარამ ვირუსის გამო მიმდინარე კვირაში ვარჯიშიც ვერ მოახერხა.

საუდის არაბეთის დედაქალაქი რიადი ბოლო დღეებში დიდი ფეხბურთის მექად იქცა.  მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე ჯერ ესპანეთის სუპერთასი გათამაშდა, შემდეგ  იტალიის, გუშინ კი ამხანაგური მატჩი-შოუ გაიმართა, რომლის ცენტრში კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი იყვნენ. „ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ ვარსკვლავების გუნდმა ამხანაგურ მატჩში „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და 4:5 დამარცხდა. ერთმანეთს რონალდო და მესი დაუპირისპირდნენ. არგენტინელმა ანგარიში გახსნა, პორტუგალიელმა კი „ალ ნასრიში“ გადასვლის შემდეგ საუდის არაბეთში პირველად იასპარეზა და დუბლი შეასრულა. 

გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის ანორთოსისმა კვიპროსის თასის მერვედფინალში პარალიმნის უმასპინძლა და მომდევნო ეტაპზე პენალტების სერიით გავიდა. მატჩის გადამწყვეტ ეტაპზე გიორგი ლორიამ ბრწყინვალედ ითამაშა და პენალტიც მოიგერია. ხოლო თანაგუნდელმა ავთო ებრალიძემ პარამლინთან პენალტის გატანა მოახერხა.    ანორთოსისმა პენალტების სერიაში 4:3 მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მეოთხედფინალში ასევე ითამაშებს გიორგი ქვილითაიას, ბუბა დაუშვილისა და ლაშა დვალის აპოელი, რომელმაც არისს 4:2 მოუგო. 

ოფიციალურად მიუნხენის ბაიერნმა 34 წლის შვეიცარიელი მეკარე იან ზომერი გაიფორმა. ტრანსფერზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, იმის მერე, რაც ნოიერმა სერიოზული ტრავმა მიიღო და გაირკვა რომ წელს ვეღარ ითამაშებდა. ბაიერნის ახალწვეულმა კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. იან ზომერი მიუნხენურ გრანდში გადასვლამდე 2014 წლიდან დღემდე მიუნხენგლადბახის შემადგენლობაში ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნი გლადბახს 8 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსების სახით 1,5 მილიონი დაემატება. დღეს გაიმართება ბუნდესლიგის 16-ე ტურის შეხვედრა ლაიფციგსა და იან ზომერის ახალ გუნდს შორის, რომელიც 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ვნახოთ დაიცავს თუ არა შვეიცარიელი დღესვე მიუნხენელთა კარებს.

გუშინ ღამით მსოფლიო სპორტში ეგრეთწოდებული ქამბექების დღე იყო.

რეალ მადრიდმა ესპანეთის თასის მერვედფინალურ მატჩში ვილიარეალის წინააღმდეგ შესანიშნავი ქამბექი შეასრულა. პირველი ტაიმი ვილიარეალის გამარჯვებით კაპუესა და ჩუკვუეზეს გოლებით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმი რეალმა შესანიშნავად დაიწყო,  პირველი გოლი ვინისიუსმა გაიტანა მეორე გოლი კი მილიტაომ და ამ გოლით მეორე ტაიმის დაწყებიდან 24 წუთში სამეფო კლუბმა მატჩის გათანაბრება მოახერხა. გამარჯვების მომტანი გოლი კი 86-ე წუთზე სებალიოსმა გაიტანა და რეალ მადრიდის ქამბექიც შედგა და მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლაც მოახერხა. ასევე იყო სხვა მერვედფინალური მატჩები, ბეტისი-ოსასუნას შეხვედრიდან გამარჯვებული არ გამოვლინდა და 1-1 დასრულდა დამატებით დრო კი 2-2. პენალტების სერიაში კი 2-4 ოსასუნამ გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა. ატლეტიკომ 0-2 მოუგო ლევანტეს, ხოლო ბარსელონამ 0-5 სეუტას.  მეოთხედფინალის წყვილები კი ასეთია:რეალ მადრიდი ატლეტიკო მადრიდს დაუპირისპირდება, ოსასუნა სევილიას, მამარდაშვილის ვალენსია ატლეტიკო ბილბაოს და ბარსელონა სოსიედადს.

ინგლისში კი პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი მანჩესტერ სიტისა და ტოტენჰემს შორის გაიმართა, სადაც უხვგოლიანი შეხვედრა ვიხილეთ. ესპანეთის მსგავსად, ამჯერად უკვე ლონდონურმა კლუბმა პირველი ტაიმი 0:2 მოიგო კულუშევსკის და ემერსონ როიალის გოლებით. მეორე ტაიმი კი გვარდიოლას გუნდის კარგი თამაშით დაიწყო, 6 წუთში ხულიან ალვარესმა ქალაქელების რიგებიდან პირველი გოლი გაიტანა, მალევე ორ წუთში უფრო ზუსტად 53-ე წუთზე ჰალანდმა უკვე გათანაბრება მოახერხა. ასეთი ხშირი შეტევების შემდეგ ტოტენჰემი ცოტა არეული ჩანდა და მესამე გოლიც თავის კარში მალევე მიიღეს 63 წუთზე ამჯერად რიად მაჰრეზმა გაიტანა და მანჩესტერი წინ გავიდა. მატჩის მიწურულს ალჟირელმა დუბლის შესრულება მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 4:2. სატურნირო ცხრილში ლიდერი 47 ქულით ლონდონის არსენალია, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ვიდრე მეორე ადგილოსანს, მანჩესტერ სიტი 42 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო ლონდონური ტოტენჰემი მეხუთე ადგილზე 33 ქულითაა.

ამჯერად ქამბექი სპორტის სხვა სახეობაშიც ვიხილეთ და ესეც 0-2-დან იყო. ჩოგბურთის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა 35 წლის ენდი მარიმ ავსტრალიის ღია პირველობაზე საოცრება ჩაიდინა. მელბურნში მასპინძელი თანასი კოკინაკისთან სეტებით 0-2ს იგებდა, მესამე სეტში კი ტაიბრეიკზე მატჩზე აწვდიდა. ენდი მარიმ სწორედ მესამე სეტიდან დაიწყო თამაშის შემოტრიალება, მოიგო ტაიბრეიკზე 7:6, შემდეგ 6:3 და ბოლოს 7:5 და ურთულესს და მძიმე შეხვედრაში საქმე ბოლომდე გამარჯვებამდე მიიყვანა. მატჩი თითქმის 6 საათს გაგრძელდა. ასევე აღსანიშნავია პირველი წრის მატჩი, სადაც მატეო ბერეტინისაც 5 სეტში მოუგო და ის 5 საათს გაგრძელდა. ბრიტანელმა 2 დღეში 11 საათი ითამაშა. ენდი მარის მომდევნო მეტოქე მესამე წრეში ესპანელი ბაუტისტა აგუტი იქნება.

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მე-20 ტურში ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა და 74:64 მოუგო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.   შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთაგან ყველაზე მეტი – 29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.    იტალიურმა კლუბმა 9 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება, საპლეიოფო ზონას კი 2 გამარჯვება აშორებს. ვირტუსი მომდევნო მატჩს 27 იანვარს ჩაატარებს, როდესაც მიუნხენში ბაიერნს შეხვდება. გერმანულ კლუბს ამ დროისთვის 7 მოგება აქვს და მე-14 პოზიციაზეა.

''დინამო'' თბილისის წყალბურთის გუნდმა თურქულ გალათასარაისთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქე 16:9 დაამარცხა. გალათასარაი ჩელენჯერის თასზე თამაშობს და საკმაოდ ძლიერი გუნდია. პირველი სამი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო და ბოლო პერიოდამდე სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. მეოთხე მეოთხედში კი თბილისელებმა მეტოქე 5:1 დაამარცხეს და საბოლოო ჯამში, 7 ბურთით მოიგეს. ყველაზე მეტი 5 გოლი ხორვატმა ანდრია ვლაჰოვიჩმა გაიტანა.დინამო თბილისს ხუთ დღეში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თბილისში გერმანულ ჰანოვერს უმასპინძლებს, რომელსაც დინამო თბილისის მსგავსად 5-დან 5 მატჩი აქვს წაგებული.  შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში