საგარეჯოში მომხდარ შემთხვევაში ბრალდებული 2006-დან 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა - ვახტანგ გომელაური

20 იანვარი 2023, 09:00 640 ნახვა

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს გამნაღმველებმაც და ტერიტორია უსაფრთხოა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ხუთი ადამიანია გარდაცვლილი. სამწუხაროდ, ერთია ჩვენი თანამშრომელი. ხუთია დაჭრილი, ერთ-ერთი არის მძიმე, რომელსაც ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან ზუსტად, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას, გადარჩეს...

 

მოქალაქემ სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა. სახლში იმყოფებოდა მისი შვილი, სრულწლოვანი ბიჭი. სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან. ამ ბავშვმა დატოვა შემდეგ სახლი, გამოვიდა. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. ეს ვიცით ჯერჯერობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, თავდასხმაში ბრალდებული პირი 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

„ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს, 2006 წლიდან მუშაობდა, 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით. როგორც უკვე გვითხრეს, რომ 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა. ავღანეთშიც ნამყოფია, მისიაშიც, როგორც დაგვიდასტურეს და არავინ იცის, ჯერჯერობით ზუსტად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განმარტებით, სპეცდანიშნულების რაზმს ბრალდებული გარდაცვლილი დახვდა.

„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყეს ღონისძიება. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მან დამატებით რამდენიმე გასროლა მოახდინა.

როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარები შეაღო, გასროლის ხმა იყო. საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები - რამდენიმე რგოლი. შეიძლება ეს ყოფილიყო დანაღმული. შემდეგ მოვიდნენ გამნაღმველები. ახლა დაამთავრეს მათ მუშაობა“, - განაცხადა გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი