მთავარი სპორტში

17 იანვარი 2023, 20:01 551 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია და ლუკა ლოჩოშვილი დღევანდელ იტალიის თასის გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მერვედფინალური მატჩი ნაპოლსა-კრემონეზეს შორის დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია მატჩს გაციების გამო გამოტოვებს,  ხოლო კრემონეზეს გუნდის შემადგენლობაში, ლოჩოშვილის გვარი არ ფიგურირებს, თუ რატომ არ თამაშობს ლუკა დღევანდელ მატჩში, ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ნაპოლი-კრემონეზეს შორის გამარჯვებული მეოთხედფინალში რომას დაუპირისპირდება.

დონეცკის შახტარმა მიხაილო მუდრიკის ტრანსფერიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად გამოყო. უკრაინული გუნდის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 25 მილიონი დოლარით ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს დაეხმარება. ახმეტოვის კომენტარი „შახტარის“ ვებგვერდზე გავრცელდა: მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო პროექტი "აზოვსტალის გული", რომელიც შექმნილია მარიუპოლის დამცველებისა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების დასახმარებლად.  - განაცხადა „შახტარის პრეზიდენტმა. შახტარმა მიხაილო მუდრიკი „ჩელსიში“ 100 მილიონ ევროდ გაყიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველივე წრეში მსოფლიოს მეცხრე ჩოგანთან ტეილორ ფრიცთან ოთხ სეტში 3:1 დამარცხდა, სეტების ანგარიშით 4:6. 2:6. 6:4. 5:7. ნიკოლოზმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველივე სეტში 2:4 იგებდა, მაგრამ ეს ანგარიში ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო და ანგარიშით 4:6 წააგო. მეორე სეტი უკვე ფრიცმა ძალიან მარტივად მოიპოვა. ერთადერთი სეტი, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო, მესამე იყო. საბოლოოდ მეოთხე სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს საკმარისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 5:7 წააგო.

ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთის და ბელარუსის დროშები აღარ იფრიალებს. ამის მიზეზი უკრაინელი გულშემატკივრების პროტესტი გახდა. რუსი კამილა რახიმოვასა და უკრაინელი ეკატერინა ბაინდლის მატჩის მიმდინარეობისას, ტრიბუნაზე რუსეთის დროშა გამოფინეს, რამაც უკრაინელი ფანების გაღიზიანება გამოიწვია. უკრაინის ელჩის  ვასილ მიროშნიჩენკოს განცხადებით, დაუყოვნებლივ მისაღებია „ნეიტრალური დროშის“ პოლიტიკა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამაც გააკეთა განცხადება, საიდანაც ვიგებთ, რომ არცერთ გულშემატკივარს საჩოგბურთო კორტზე დროშის მიტანა არ ეზღუდებოდა, თუმცა არ შეიძლებოდა მისი ფრიალი, რათა სხვა მაყურებელს ხელი არ შეშლოდა, დღეიდან კი რუსული და ბელარუსული დროშები საერთოდ აიკრძალა ავსტრალიის ღია პირველობაზე,

საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები 2023 წლის ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს. რაგბი ევროპამ დაადასტურა, რომ რაგბი შვიდი ოფიციალურად გახდა ევროპული თამაშების ნაწილი, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია. წელს მესამე თამაშებს კრაკოვი მასპინძლობს მედლები კი სპორტის 26 სახეობაში გათამაშდება. წლევანდელი ევროპული თამაშები რაგბისთვის სადებიუტოა. მასში 12 კაცთა და ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფის შედეგების მიხედვით შეირჩნენ და ოქროსმედალოსნები, როგორც კაცთა, ასევე ქალთა ტურნირში, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებენ. კრაკოვი ევროპულ თამაშებს 21 ივნისიდან 2 ივლისამდე უმასპინძლებს, შვიდკაცა რაგბის თამაშები კი 25-27 ივლისს გაიმართება.

27-29 იანვარს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2023 წლის პირველ ტურნირზე იასპარეზებს.ქართველი ძიუდოისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით, ალმადაში დაგეგმილ გრან პრიზე 6 ქართველი ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, თუმცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, შეჯიბრებაზე 13 სპორტსმენს ვიხილავთ. საქართველოს ნაკრებში ისევ გამოჩნდა 31 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, რომელიც ბოლოს  2021 წელს უნგრეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში