რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება - პრემიერი

16 იანვარი 2023, 12:10 527 ნახვა

რეფორმის შედეგად, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

„გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად.

რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა.

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი