აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის სივრცით დაგეგმვაზე, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი - პრემიერი

27 დეკემბერი 2022, 16:15 620 ნახვა

გვინდა, რომ მალე დავასრულოთ მუშაობა „საქართველო 2030-ი სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის სივრცით დაგეგმვაზე, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, ჩვენ წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და გვინდა რომ მალე დავასრულოთ მუშაობა პროექტზე „საქართველო 2030-ი სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე, ეს არის მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც რომ არსად, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთ საკურორტო ადგილას აღარ მოხდეს ქაოტური განაშენიანება და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას ჰქონდეს დასრულებული სივრცითი კონცეფცია და წარმოდგენა იმისა თუ სად როგორ უნდა განვითარდეს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მოგეხსენებათ რომ ამ მიმართულებით ჩვენ უზარმაზარ, კოლოსალურ თანხებს მივმართავთ, ინვესტიციები არის, უზარმაზარი, მილიარდობით. წელს მაგალითისთვის 5 ათას 500 -ზე მეტი პროექტი იქნა განხორციელებული ჯამურად. დასაქმებული იყო 25 ათასი ადამიანი და 1 200-მდე კომპანია იყო ჩართული ამ მთელი პროექტების განხორციელებაში.

ინფორმაციისთვის გეტყვით რომ საერთაშორისო მაგისტრალის ნახევარზე მეტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი უკვე აშენებულია. 2022 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 118 კილომეტრზე, მათ შორის რიკოთის მონაკვეთზე, წლის ბოლომდე საფარი მოეწყობა 40 კილომეტრზე, 15 კილომეტრი უკვე გახსნილია მოგეხსენებათ.

ჩვენ ამ ისტორიულ პროექტს, საუკუნის პროექტი შეიძლება ვუწოდოთ, დავასრულებთ და გავხსნით 2024 წელს, მთელი ეს მაგისტრალი დასრულდება და სულ რაღაც სამ საათ ნახევარში , ოთხ საათში მაქსიმუმ ჩახვალთ თბილისიდან ბათუმში.

ასევე გეტყვით რომ აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაც, მოგეხსენებათ ჩვენ წელს დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება და 2024 წელს დასრულდება კახეთის ავტობანიც.

ჯამურად მეგობრებო, ძვირფასო საზოგადოებავ, 2000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა წელს და 2012 წლიდან დღემდე 13 ათას 500 კილომეტრზე მეტი გზა იქნა რეაბილიტირებული, შეკეთებული და დაგებული. ასევე სულ ჯამურად, ქვეყანაში აშენებული არის 234 კილომეტრი მაგისტრალური გზა. ქედან 2012 წლიდან დღემდე აშენდა 166 კილომეტრი მაგისტრალური გზა”, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი