რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

28 ნოემბერი 2022, 10:15 1147 ნახვა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესლიგელ "მურსიაში" გააგრძელებს. 21 წლის ქართველმა ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა.

“ანდრონიკაშვილს პირველ და მეორე ნომრებზე თამაში ერთნაირი წარმატებით შეუძლია და სარგებელი მოაქვს, როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში. ბოლო პერიოდია, საქართველოს ნაკრებში მუდმივად იძახებენ. ივლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთთან მატჩში 17 ქულა ჩააგდო და შემდეგ ევრობასკეტზეც ითამაშა” – წერია "მურსიას" საიტზე.

"მურსიაში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თამაშობს – ნატურალიზებული ამერიკელი, თად მაკფადენი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილი გასულ სეზონში NCAA-ს ბინადარ "კრეიტონის" ღირსებას იცავდა, აშშ-დან კი სწორედ ევროპული პერსპექტივის იმედით წამოვიდა. რატისთვის ესპანური გარემო უცხო არ იქნება, რადგანაც "ბასკონიას" აკადემიაში ვარჯიშობდა და "სან პაბლო ბურგოსის" ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში