საქართველო და ნიდერლანდების სამეფო მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს დელეგაციის ჰოლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორმხრივ მემორანდუმს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე. აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, მხარეები რამდენიმე წელია აწარმოებენ მოლპარაკებას. პროცესის წარმატებით დასრულებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნიდერლანდებში საქართველოს საელჩომ და საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ.
"იმედი მაქვს, რომ ეს მემორანდუმი გახდება დინამიური საზღვაო ურთიერთობების დასაწყისი ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის. გარწმუნებთ, რომ ქართული საზღვაო საზოგადოება ელოდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჰოლანდიელ კოლეგებთან", - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.
მისი თქმით, ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიდი გავლენა მოახდინა პოზიტიურ პროცესებზე, დააჩქარა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა ინდუსტრიაში და საჯარო სექტორში.
- "ამიტომ ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და საზღვაო გარემოს დაცვის სფეროებში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს მიერ საზღვაო სფეროში განხორციელებული ძირითადი რეფორმები მოიცავს მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის სრულ განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანაა. დღეიდან მათ შორისაა ნიდერლანდების სამეფოც.