შადრევანთან დაკავშირებით ყველა ეტაპზე დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ შესრულებული სამუშაოები პროექტს შეესაბამება - ანდრია ბასილაია

17 ოქტომბერი 2022, 15:14 447 ნახვა

„დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ყველა ეტაპზე დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება პროექტს და ეს პროექტი არის შესრულებული, ქვეყანაში არსებული, ყველა სამშენებლო ნორმის დაცვით. ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ მიღება-ჩაბარების ნებართვა"- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველა ეტაპზე დასკვნა დადებითი იყო და სამუშაოები პროექტს შეესაბამებოდა.

"მუნიციპალიტეტს ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეეტენა აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში. მუნიციპალიტეტი არ იბარებს მაგალითად, ცალკე ელექტროობას, შადრევანს, ხდება სხვადასხვა ეტაპების ჩაბარება, რომელიც განსაზღვრულია სატენდერო შესყიდვით. შესაბამის ეტაპს მოჰყვება შესაბამისი დასკვნა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით და მოვითხოვეთ „ა“ კატეგორიის ექსპერტის დასკვნა. შეგიძლაით, ახლავე ნახოთ spa.ge-ზე და მოძებნოთ კასკადის პროექტის ტენდერი. ასევე დასკვნა, რომელიც 500 გვერდზე მეტია. იქ ყველა კომპონენტია, როგორც ქსელების, ასევე კაბელების“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

მან ვაკის პარკში მდებარე შადრევნის შესახებ აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროექტზე ყველა სტანდარტი იყო გათვალისწინებული.

„ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი, ჩვენ შევისყიდეთ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს პროექტირების დონეზე. როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპი ჩაბარდა დედაქალაქს. მაგალითად, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაექსპერტებული შესაბამისი მიღება-ჩაბარება, რომელსაც ხელს აწერს ქვეყანაში აკრედიტებული ექსპერტი, დედაქალაქს ჩაბარდა. ასევე ჩაბარდა რამდენიმე ეტაპი და ყველა არის დაექსპერტებული, მათ შორის შადრევნის ნაწილი. თავად შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა 500 გვერდზე მეტია. ის დევს შესყიდვების საიტზე და ნებისმიერ პირს შეუძლია, ნახოს. ჩვენი სამსახური ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება. ასევე ამოწმებს დასკვნის შინაარსს, არის თუ არა დასკვნა დადებითი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, მთავარი ინტერესია, დადგინდეს მიზეზები, რის გამოც უსაფრთხოების მექანიზმმა არ იმუშავა.

„ჩვენი მთავარი ინტერესია, მოხდეს მიზეზების გამოკვლევა, რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც იყო ჩადებული პროექტში. ჩვენ სრულიად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, აგოს პასუხი, თუკი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი