“გაზპრომის” ვაგონის ბათუმში და საქართველოს რკინიგზის განმარტება 

13 ოქტომბერი 2022, 14:45 602 ნახვა

ბათუმში სავაგონო დეპოში სატვირთო  მატარებელი  შემოვიდა, რომელსაც  ბუნებრივი აირის უმსხვილესი რუსული კომპანიის სახელი „გაზპრომი“ აწერია. მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით  მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, მატარებელი სავაგონო დეპოდან გაიყვანეს. 

ბათუმის ნავთობტერმინალში განცხადება  არ გაკეთებულა, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განგვიმარტეს, რომ საშვთა ბიურო მოკლე სამუშაო დღის გამო არ მუშაობდა და ადმინისტრაციასთან ვერ დაგვაკავშირებდნენ.

ბათუმში „გაზპრომის სატვირთო მატარებლის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს რკინიგზა. საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ „ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი, რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. 

განმარტებისთვის, ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა.

აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება - წერია განცხადებაში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში