სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინს შეხვდა

07 ოქტომბერი 2022, 12:41 1310 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელწმიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ზურაბიშვილმა ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა და საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა.

„აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებით გაძლიერების თაობაზეც.

აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი.

პრეზიდენტმა ისაუბრა, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველო, ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი