2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - მსოფლიო ბანკი

05 ოქტომბერი 2022, 11:12 471 ნახვა

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პანდემიის შედეგების ზემოქმედების პირობებში.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინაში მიმდინარე ომმა შეასუსტა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს წარმოებული პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც უსწრაფესია ევროპის და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის.

„წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. აღნიშნულს ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნის აღდგენამ და ფულადი გზავნილების წმინდა მაჩვენებლის ზრდამ.

 

2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება სავარაუდოდ 4.2 პროცენტამდე, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებას და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრ ვარდნას.

 

2023 წელს მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტები სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის პროგნოზები გამოწვევებითაა აღსავსე.

„2022 წელს ველოდებით რეგიონში წარმოებული პროდუქციის მოცულობის შემცირებას 0.2 პროცენტის ოდენობით, ძირითადად რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწეული შედეგების გამო. ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალ – დაახლოებით 0.3 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, მიმდინარე ინფლაციის მაღალი დონის, გლობალური საფინანსო ბაზრების გამკაცრების და რეგიონში არსებული გამოწვევებით სავსე ფისკალური მდგომარეობის პირობებში. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვერეგიონში აღინიშნება საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა და 2022 წელს პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით“, – აცხადებს მოლინეუსი.

მათივე შეფასებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მომავალი წლის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობა საგრძნობლად შენელდება, რაც მინიმალური ეკონომიკური ზრდით - 0.3 პროცენტით აისახება 2023 წელს, რასაც ენერგორესურსებზე ფასების მატების ზემოქმედება განაპირობებს, თუმცა, ჯერ-ჯერობით რეგიონმა იმაზე უკეთესად გადალახა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ეკონომიკური შედეგები, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში