სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიმუშავებს.
სამოქალაქო სექტორის შემადგენლობიდან 10 სუბიექტი შეძლებს ომბუდსმენის თითო კანდიდატის დასახელებას. აღნიშნული ინიციატივას ხელს 45 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. შერჩეულ კანდიდატებს მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენენ.
ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა.
"სამოქალაქო სექტორის ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, მიმართული არის იქეთკენ, რომ ჩვენ შევძლოთ რეალურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. ჩვენ ერთხელ ეს პროცესი უკვე გავიარეთ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობთ იმავე გზას, იმავე პროცესს, რომელმაც ჩვენ ხუთი წლის წინ მიგვიყვანა კარგ შედეგამდე. შესაბამისად, ჩვენი ეს შეთავაზება არ არის რაღაცა ახალი გამოგონება, ეს არის ძველი გამოცდილი გზა, რომელსაც ჩვენ პარტიებს კვლავაც ვთავაზობთ. აქედან გამომდინარე, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან გარიგებით, არამედ შეთანხმებით იყოს შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს შეთავაზებაც არის მიმართული სწორედაც იქითკენ, რომ შევძლოთ სახალხო დამცველის შერჩევა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.