სენაკში ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს - ნათია მეზვრიშვილი

15 აგვისტო 2022, 12:25 522 ნახვა

სენაკში ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობას, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. კერძოდ, ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით და ნაცვლად იმისა, სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშვნაზე ემსჯელა, შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ სამაჟორიტარო ოლქში დანიშნა, სადაც „ოცნებამ“ ოპოზიციის წევრს, კრიმინალური სამყაროს ჩართულობით, მანდატი დაატოვებინა. აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა სულ ახლახანს გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესრულების უმძიმესი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ 2021 წელს, ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დემოკრატიის, სახელმწიფოს მართვის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, მიმართულებით უპრეცედენტო უკუსვლა განიცადა. აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც ხუთ თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით. პარალელურად, „ოცნება“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მოსყიდვას, დაშინებას და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ჩართულობით მათზე ზეწოლას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში