ქართველი ენათმეცნიერის, ტარიელ ფუტკარაძის შესახებ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გამართა ბათუმის მწერალთა სახლში. ფილმთან ერთად სახელწოდებით „სამყარო აჭარიდან შევიცანი“ ასევე უჩვენეს სიუჟეტი „სხვა ეტაპზეც შევხვდებით“ . ორივე მათგანი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის მიერ განვლილ გზასა და მის მეცნიერულ მოღვაწეობას შეეხებოდა. ტარიელ ფუტკარაძე არაერთი სამეცნიერო კრებულისა და დიალექტოლოგიური ექსპედიციის ავტორი და ხელმძღვანელი იყო. სამეცნიერო და საზოგადოებრივთან ერთად იგი პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ტარიელ ფუტკარაძე დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ბათუმის პრეფექტი იყო. მისი ბიოგრაფიისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენებას მეცნიერის ოჯახის წევრები, ახლობლები, კოლეგები და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებდნენ. ტარიელ ფუტკარაძე გასულ წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.