ხელვაჩაურში ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საბიუჯეტო თანხების დაუფლების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

30 ივლისი 2020, 12:50 921 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს და ექსპერტს ბრალი წაუყენეს და დააკავეს.

უწყების ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ყოფილ უფროს სპეციალისტს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა, საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიღების მიზნით, დაამზადა ყალბი აქტები, რომელთა სინამდვილეც დადასტურებული იყო სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით, ექსპერტის მიერ გაცემული ყალბი ექსპერტიზის დასკვნებით და სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარის დადასტურებული მიღება-ჩაბარების ყალბი აქტებით.

აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი მოტყუებით დაეუფლა 82 439 ლარს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში