ზეგანაკვეთურად გვამუშავებენ, ხელფასს კი არ გვიხდიან - ''ბათუმის წყლის'' თანამშრომლებმა აქცია გამართეს 

02 ივლისი 2020, 16:53 1470 ნახვა

"ბათუმის წყლის" თანამშრომლებმა მერიასთან საპროტესტო აქციას გამართეს. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ყვებიან, რომ ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ, ანაზღაურებას კი ვერ იღებენ. ასევე შეუმცირდათ ხელფასიც.

მათი თქმით, გასულ წელს საშუალო ხელფასი 1200 ლარს შეადგენდა, რაც წელს 500-600 ლარამდე შემცირდა. ისინი ანაზღაურების გაზრდას თვეების განმავლობაში ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელობა სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.

''ჩვენ ვითხოვთ, არასამუშაო საათებში როცა ვმუშაობთ აგვინაზღაურონ. ავარიული სამსახურია და გვიწევს ხან ღამით სამ საათზე, ხან დილით მუშაობა. ბოლო 4 თვეა აღარ გვიხდიან ზეგანაკვეთურს. გვითხრეს ჯერ ხელფასები გაიზრდებაო, მაგრამ არ მოხდა ასე'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

მათივე თქმით, რთული სამუშაოების შესრულება უწევთ, ხელფასი კი შრომის ადეკვატური არ არის. 

''იანვარში დირექტორმა დაგვიბარა და გვითხრა ვაკეთებთ ექსპერიმენტსო. ზედმეტი საათები არაფერი არ გექნება,. მარტში ხელფასიც გაგეზრდებათ და კვარტალურებიც გექნებათო. შემდეგ  პანდემია იყო და კვარტალურს ვინ მოითხოვდა. ერთი წუთი არ მაქვს დაგვიანება სამსახურში. ოჯახში რა მივიტანო, 1000 ლარზე მეტი მქონდა და 700 ლარამდე ჩამოიყვანეს. გინდათ, იმუშავეთ არადა წადითო. მე ბანკი მთხოვს გადახდას, რა გავაკეთო? აქ პოლიტიკური არაფერია, მთავრობაზე განაწყენებული არ ვართ, მაგრამ შესაბამისი ანაზღაურება გვინდა'' -  ამბობენ ''ბათუმის წყლის'' თანამშრომლები. 

კომპანია ''ბათუმის წყლის'' დირექტორი აცხადებს, რომ თანამშრომლები, რომლებსაც ავარიულ და გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ, ხელფასი გამომუშავებით აქვთ. ზეგანაკვეთური სამუშაოების გამო, პრემიები გაიცემოდა.

მარიკა გვიანიძის განმარტებით, აუდიტის სამსახურმა კომპანიას მიუთითა, რომ თანამშრომლებისთვის ზენორმატიული ანაზღაურება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაერიცხა. 

დირექტორის თქმით, წლის ბოლომდე კომპანიას ხელფასების მომატების ფინანსური რესურსი არა აქვს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში