დღეს, 1 ივლისს, სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. მეზობელ ქვეყანაში დასაქმებულები თურქეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ. ამბობენ, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული 300 ლარიანი კომპენსაცია საკმარისი არ არის. დღეს ისინი ფინანსური დახმარების ნაცვლად საზღვრის გახსნას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სცადეს. ისინი მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში დახმარებას სთავაზობდნენ.
აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ სარფში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. მათი თქმით, თუ ხელისუფლება თურქეთში დასაქმებულების მოთხოვნებს არ გაითვალისწინეს ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
''ეს ხალხი რატომ გამოუშვეს, ყველაფერზე გვეუბნებიან, რომ მათ არ ეხებათ. ერთჯერადი დახმარებაც არ მიგვიღია. 4 თვეა სამსახურის გარეშე ვართ და ეს 300 ლარიც, რომ არაფერში გვეყოფა კარგად იციან. აქციები ისევ გაგრძელდება. ჩვენ გვინდა, რომ საზღვარი გახსნან და ოჯახში ფული ჩვენი შრომით შევიტანოთ'' - აცხადებს აქციის მონაწილე.
დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ არის გარკვეული ვაკანსიებიც და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დასაქმდნენ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ერთჯერადი დახმარების გარდა მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმების სააგენტოს პროგრამებითაც ისარგებლონ.
''რეგისტარციის პრობლემა ხომ მოხსნია, მოვიდნენ და დარეგისტრირდნენ. რატომ არ მოდიან. დასაქმების სააგენტოსა აქვს პროგრამები, სახელმწიფო ასწავლის, პროფესიას აძლევს. ეყოფა თუ არა სამასი ლარი? ეს კითხვა ჩემი მისამართით არ არის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ან საპატრულო პოლიციას არ აქვს უფლებამოსილება გახსნას საზღვარი'' - აცხადებს მინისტრის მოადგილე.