შეზლონგების გამოყენებაზე ჯერ რეკომენდაციები არ გაცემულა, ბათუმის სანაპიროზე კი მოქალაქეები მას მაინც აქირავებენ

12 ივნისი 2020, 08:46 806 ნახვა

ბათუმის ბულვარში, სასტუმრო შერატონის წინ არსებულ პლაჟზე უკვე ერთი კვირაა შეზლონგები აქვთ გამოტანილი და აქირავებენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები ჯერ არ გამოუქვეყნებია. სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ რეგულაციაზე, რომლითაც აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებმა უნდა იხელმძღვანელონ. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ შეზლონგის აღებამდე გამქირავებელი მას დეზინფექციას უტარებს. რაც შეეხება ფასს, შეზლონგის ერთი საათით ქირაობა 4 ლარი ღირს. 

ახალი რეგულაციების შემუშავებაში ჩართულები იყვნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ასევე ბულვარის თანამშრომლებიც. ბათუმის ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სანაპიროზე მხოლოდ სამი პლაჟია, რომელიც იჯარითაა გაცემული. ეს არის "ივერია ბიჩი", შერატონის წინ არსებული ტერიტორია და კემპისკის მიმდებარედ პლაჟი.

ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე შეზლონგების განთავსებასთან დაკავშირებულ აუქციონს, რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ გამოაცხადებენ. 

''დღეის მდგომარეობით, შეზლონგების განთავსებაზე არ გვაქვს აუქციონები გამოცხადებული. როგორც კი მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, გამოვაცხადებთ. ვართ ჩართული ჯგუფში, რომელიც ამუშავებს ამ რეგულაციებს, დაახლოებით ვიცით თუ რა იქნება. ვიცით, რომ უნდა იყოს დაცული დისტანცია მეტრნახევრიდან 2 მეტრამდე, ყველა მოხმარებულ შეზლონგს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია და დამუშავდეს სპეციალური ხსნარებით. ბულვარი იღებს ვალდებულებას, რომ საინფორმაციო ბანერები განათავსოს პლაჟებზე, იქნება ხმოვანი გაფრთხილებები. მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ამ რეგულაციების დაცვა.

შეზლონგები 15 ივნისისათვის ვერ მოესწრება, რადგან აუქციონი უნდა შედგეს, მას 7 დღე მაინც სჭირდება. დაახლოებით თვის ბოლოს შეზლონგები ალბათ იქნება, თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული'' - აცხადებს ბულვარის დირექტორი. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი სასტუმრო ''შერატონის'' ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სანაპირო თავადაც იჯარით აქვთ გაცემული. 

მოიჯარე კი ამბობს, რომ ის წესებს იცავს, შეზლონგებს დეზინფექციას უტარებს და ასევე დაცულია დისტანცირების მოთხოვნაც.

კითხვაზე, რა რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს, როცა ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაცია ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია? ირაკლი არ პასუხობს. ასევე არ გვიპასუხა - რომელი უწყებისგან აიღო მუშაობის ნებართვა ან იყო თუ არა საკითხი, რომელიმე სამსახურთან შეთანხმებული. 

დეტალების დასაზუსტებლად მოიჯარე ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

მაუწყებელი ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პლაჟებზე კონტროლი ჯერ მათი სამსახურების ფუნქციაში არ გადასულა. როგორც ცნობილია, კოვიდის გამო დაწესებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი მერიის ინსპექტირების სამსახურს აქვს დაკისრებული, ისინი ამოწმებენ სალონებსა და კაფე-ბარებს. 

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში არ არის კონკრეტული უწყება, რომელიც აღნიშნულ საკითხს გააკონტროლებს.

სავარაუდოდ, რეგულაციების მონიტორინგი ბათუმის ბულვარს, შრომის ინსპექციას და ჯანდაცვის სამინისტროს დაევალება.

სამეწარმოე და ეკონომიკური საქმიანობის უფლება მოქალქეებს უკვე მიეცათ, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული რეკომენდაცია სანაპიროზე შეზლონგების გამქირავებელი პირებისთვის.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში