ბრძოლა covid 19-თან და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების გამოწვევები - რას სთავაზობს ხელისუფლება მოქალაქეებს?

20 მარტი 2020, 18:59 11251 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, საქართველოს ხელისუფლებამ უმკაცრეს ზომებს მიმართა და ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ობიექტი დაიხურა. აიკრძალა ფრენები, დაიხურა სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები, სალონები და მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები. შეჩერდა დიდწილად სამშენებლო სამუშოები, სამარშრუტო ტაქსებს აეკრძალათ მუშაობა და ჩაიკეტა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი. 

ამ უმკაცრესი ზომების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების შემცირებაა, გადაწყვეტილებას მთავრობა სპეციალისტებთან ერთად იღებს და 20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 44 შემთხვევა დადასტურდა. 

თუმცა, პანდემიის გამოწვევის მიღმა კიდევ ერთი გამოწვევაა. ამ ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, რომელიც ყოველდღიურად საარსებო თანხას გამოიმუშავებდა. დანაზოგები კი მოქალაქეების ამ ნაწილს თითქმის არ აქვთ.  

აჭარის მაუწყებელი დღეს ცდილობდა დაეზუსტებინა, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის მონაცემები ან მუშაობს თუ არა მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობის დაზუსტებაზე, რომელსაც კარანტინის პერიოდში შემოსავალი არ ექნება. რამდენ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს აუცილებელი დახმარება და დაწყებულია თუ არა მუშაობა ამ მიმართულებით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯერ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, პრესსამსახურის ინფორმაციით ამ ეტაპზე ამ მიმართულებით მუშაობაზე დავალება არ მიუღიათ. მოგვიანებით, კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაუსვა კითხვა, რომელსაც საგანგებო ბრიფინგი გამართა. 

თორნიკე რიჟვაძე ზოგადი პასუხით შემოფარგლა და განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ამ მიმართულებითაც და გადაწყვეტილებები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. 

"ჩვენ აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღმა (მძღოლები, სასტუმროების თანამშრომლები და ა.შ.) უამრავი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ეტაპობრივად გახდება ცნობილი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააკომპენსირებს ამ შემოსავლის დაკარგვას.  შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის ინტერესი იქნება დაცული. თუმცა ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ეს ადამიანი დარჩეს სახლში, ხელი არ შეუწყონ გავრცელების ფაზის გართულებას და ყველა დანარჩენ პრობლემას მთავრობა აუცილებლად მოაგვარებს,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თუმცა, მანამდე მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ის მთავრობის აპარატში, ასევე სამინისტროებში ანახევრებს ყველა წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯებს, რაც დაგეგმილი იყო 2020 წლის ბიუჯეტში და ეს ფინანსები მოხმარდება არსებულ გამოწვევებს. 

თორნიკე რიჟვაძემ მოწყვლადი ჯგუფებისთვის მედიკამენტების შეძენაზეც ისაუბრა და მათ კიდევ ერთხელ სახლში სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"უკვე შეძენილია პირველადი მედიკამენტები, რომლებიც გადაეცემა შესაბამის უწყებებს, მუნიციპალიტეტებს და ეტაპობრივად დაურიგდებათ ყველაზე მოწყვლად რისკ ჯგუფებს. როგორც იცით 70 წელზე ზემოთ მყოფ ადამიანებს მიეცათ სახლში ყოფნის რეკომენაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ადამიანებზე ზრუნვას, გავრცელების ეტაპის პრევენციას. ასევე, სარეზერვო ფონდიდან მოხდება პირველადი სასურსათო კალათის შეძენა, რომელიც დაურიგდება 6400 ადმიანს, პენსიონერებს, მარტოხელა დედებს, შშმ პირებს. მედიკამენტების და სურსათის დარიგებაში ჩვენ დაგვეხმარება აჭარის რეგიონული ცენტრი. ასევე ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს იქნას მათი რესურსი გამოყენებული მოხდება მათი ჩართვაც"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ამ ეტაპზე უცნობია, აჭარის ხელისუფლებას აქვს თუ არა მოლაპარაკებები ბიზნესმენებთან ან სხვა ფონდებთან, რომლებიც,  შესაძლოა, ამ გამოწვევის დაძლევაში დახმარება გაუწიონ ხელისუფლებას. ამ კითხვის დასმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ბრიფინგზე ვერ მოასწრო. თორნიკე რიჟვაძემ მხოლოდ ორ კითხვას უპასუხა.  

მთავრობის შეღავათები ბიზნესს

პარალელურად ხელისუფლებამ ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებაზე განაცხადა.  13 მარტს, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ "ყველა კომპანიას, რომელსაც ექნება საჭიროება საბანკო სექტორი უზრუნველყოფს სესხების რესტრუქტურიზაციას. ამით 100 მილიონ ფინანსურ რესურსს დავტოვებთ ტურისტულ კომპანიებს. მოქალაქეებს სამი თვის განმავლობაში გათავისუფლებულები იქნებიან სასეხო ვალდებულებებისგან.  რაც შეეხება მთავრობას, ამ ეტაპზე ტურისტულ კომპანიებს - ქონების და საშემოსავლო გადასახადებს 4 თვით, მარტიდან-ივნისის ჩათვლის გაუუქმდებათ. ჯამში, 18 ათას კომპანიას და 50 000 დასაქმებულ პირს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს კი, 20 მარტს, პრემიერის პრესს-სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით  პრემიერმა დავალება მისცა ეკონომუკურ გუნდს, რომ მათ  წარმოდგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორცილედება დამატებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ბიზნესს  და მოქალაქეებს გაუმკლავდნენ კორონა ვირუსის გამოწვევებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი