საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაც განვიხილეთ - გიორგი გახარია

19 მარტი 2020, 20:49 609 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, თუმცა გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას. 

„დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა განვიხილეთ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ. როგორც კი მედიკოსები გვეტყვიან, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჩვენ ამას რამდენიმე საათში გავაკეთებთ'' - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გახარიამ. 

პრემიერმა ასევე თქვა, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა,სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა უნდა დაიხუროს. 

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მიმართა მოქალაქეებს   - '' დარჩნენ სახლში.''. 

პრემიერი განცხადებით, გლობალური გამოწვევის წინაშე მოქალაქეების რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს მზად არის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

'' მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები, როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც, ვირუსის წინააღმდეგ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

უსაფრთხოების საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს მთავრობამ ბოლო დღეების განმავლობაში ზომები რამდენჯერმე გაამკაცრა. გაიცა რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან სამი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი