მაია მერკვილაძის სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორება ცენზურის მცდელობას ნიშნავს - გიორგი მგელაძე

24 თებერვალი 2020, 21:35 1583 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ახალი ამბების გუნდიდან მაია მერკვილაძის ჩამოშორებით მაუწყებლის დირექტორმა და მრჩეველთა საბჭოს ''წითელი ხაზები'' გადაკვეთა.

გიორგი მგელაძის თქმით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება ლოგიკურად დასრულდება და სავარაუდოდ, სარედაქციო პოლიტიკის მართვას მასაც ჩამოაშორებენ​.

''მაია მერკვილაძის ამ პოზიციიდან ჩამოშორება არის წითელი ხაზის გადაკვეთა, რომელიც ბატონმა კოხრეიძემ და იმ მრჩევლებმა გადაკვეთეს, რომლებიც არიან ''ქართული ოცნების'' დანიშნულები, ჩემი სუბიექტური აზრით ისინი ბატონი კოხრეიძის გავლენით დგამენ ყველა იმ ნაბიჯს, რა ნაბიჯიც ბოლო კვირეებში და თვეებში გადაიდგა.

მაია მერკვილაძის სარედაქციო პოლიტიკის მართვიდან ჩამოშორება, ჩემთვის ნიშნავს უკვე დადასტურებული ცენზურის მცდელობას. მგონია, რომ უახლოეს კვირებში, თვეებში ვნახავთ შეცვლილ სარედაქციო პოლიტიკას აჭარის ტელევიზიის ეთერში. სხვანაირად წარმოუდგენელია აიხსნას მთელი განვლილი მომენტები, როცა ჩვენ ვხედავდით წინასწარ შეთანხმებულ, დაგეგმილ მოქმედებას მრჩევლების, დირექტორის... შეუძლებელია, რომ ყველას ვინც ამ ამბავს ვაპროტესტებდით, ვამბობდით, რომ გვაქვს ეჭვი - ეს მოგვჩვენებოდა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბატონ კოხრეიძეს აქვს კეთილი მიზნები, როცა მან მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი რედაქტორი ისე შეცვალა ამის შესახებ საინფორმაციო ხელმძღვანელმა არ იცოდა? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბატონი კოხრეიძის მიერ დანიშნული რედაქტორი, რომელიც არ შეუთანხმა ელემენტარულად შორენა ღლონტს, შეასრულებს შორენა ღლონტის დავალებებს და მასთან ერთად იმუშავებს? ის დისციპლინული წარმოება, რომლეიც დაწყებულია შორენა ღლონტის წინააღმდეგ ბრჭყალებში ლოგიკურად დასრულდება და სავარაუდოდ, მასაც ჩამოაშორებენ სარედაქციო პოლიტიკის მართვას'', - განაცხადა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გიორგი მგელაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მთავარი ძალა, რომლითაც შეიძლება ამ ბრძოლის მოგება თავად აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები არიან.

''თქვენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ერთობლივად შეგიძლიათ გაუწიოთ წინააღმდეგობა, როცა იქნება ცენზურის გატარების მცდელობები. თქვენი ერთად ყოფნით, თქვენი მონდომებით არ დაემორჩილოთ კონკრეტულ დირექტივებს მინიმუმ მოახერხებთ იმას, ამხელთ ''ქართულ ოცნებას'', რომ მისი მიზანია გააკონტროლოს აჭარის ტელევიზია'' - ამბობს მგელაძე.

დღეს მაუწყებელში მმართველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაია მერკვილაძეს საარჩევნო თოქ-შოუს გაკეთებას სთავაზობს, რომლის პროდიუსერიც და მთავარი რედაქტორიც თავად იქნება. თუ ეს წინადადება მისთვის მიუღებელი იქნება, მეორე შემოთავაზება უკვე რადიოს უკავშირდება.

"ახალ ამბებს ჩამომაცილეს, ფაქტია. ჯერ-ჯერობით კონკრეტულად ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ, მმართველთა საბჭოს გააცნო დირექტორმა ამის შესახებ ინფორმაცია. მთავარი მიზანი მიღწეულია", - ეს განცხადება მაია მერკვილაძემ გააკეთა, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და ასევე რვასაათიანი მთავარი გამოშვების პროდიუსერიც.

მისი თქმით, გაუგებარი თოქ-შოუს ხელმძღვანელობას სთავაზობენ და თუ არ დათანხმდება რადიოს უფროსის მოადგილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი