პარლამენტში ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

18 თებერვალი 2020, 16:59 1925 ნახვა

პარლამენტში, სადაც ამ წუთებში არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლას უსმენენ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას აკეთებდა: „ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვებს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს“...

დარბაზში ამ დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ელენე ხოშტარია გამოჩნდა.

არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიციის დარბაზში გამოჩენა სიმბოლური იყო. „აი, ისინიც გამოჩნდნენ, ტაშით მივესალმოთ. სიმბოლურად შემოვიდნენ და მოვუსმინოთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

„ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დაემთხვა, თქვენ ახსენეთ ოკუპაცია და რუსეთის ჰიმნით შემოუერთდნენ დარბაზს“, -  გაისმა ვიცე-სპიკერის რეპლიკაც. 

ოპოზიციონერი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ''ხელის გადაგრეხის'' მეთოდით ებრძვის, ჰიმნი კი რეალობის შესაბამისი იყო. 

''საბჭოთა ჰიმნი უნდა ისმოდეს ახლა დარბაზში, ეს არის შესაფერისი იმ საქართველოსი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, როცა მოლაპარაკების მაგიდიდან ადამიანებს ციხეში უშვებენ, როცა ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები. როდესაც ოპოზიციასთან დიალოგი არავის არ უნდა და ცდილობენ რომ ხელი გადაგვიგრიხონ და ასე მიაღწიონ წარმატებას. ვთვლით რომ ყველაზე შესაბამისი რაც ამ დროს დარბაზში შეიძლება გაჟღერებულიყო, არის საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ეს ალბათ ხელს არ შეუშლით, რომ დიდი ზარ-ზეიმით ჩაატარონ დღევანდელი სხდომა და განაგრძონ ''მავნებლობა'', რომელსაც ყოველთვის აკეთებენ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში