რკინიგზის სადგურთან 38 სართულიანი საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

20 იანვარი 2020, 17:38 2339 ნახვა

ბათუმის რკინიგზის სადგურსა და მუსიკალური ცენტრს შორის 8 და38 სართულიანი საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის აგებას შპს "ბათუმის ცენტრალი" გეგმავს. 

ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალება, ბათუმის საკრებულომ კომპანიას 2019 წლის 28 ნოემბერს მისცა. მანამდე კი აღნიშნული პროექტი ე.წ. ზონალურმა საბჭომაც განიხილა და მის ავტორს უარი უთხრა. პროექტი მუსიკალური ცენტრის გვერდით უნდა განხორციელდეს, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს -  ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაგვიდასტურეს. 

8 და 38 სართულიანი კორპუსების პროექტი არქიტექტორ ზვიად ბურჭულაძეს ეკუთვნის, რომელიც ასევე ე.წ. ზონალური საბჭოს წევრია. თუ გრგ-ეს პროექტი ბათუმის მერიამ დაამტკიცა, იგი ზონალურ საბჭოზე განსახილველად ხელმეორედ გავა. 

ტერიტორიას, სადაც მშენებლობა იგეგმება, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი აქვს, თუმცა პროექტის აღწერის მიხედვით იქ საცხოვრებელი ბინებიც განთავსდება. კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების გარდა კომერციული სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები და რესტორნებიც იქნება. 

დოკუმენტში წერია, რომ "კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა ფუნქციით დატვირთული სივრცეები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტუმრისათვის - კომერციული სივრცეები, რესტორანი, კაფე, სპორტული დარბაზები, სპა, საცურაო ღია და დახურული აუზები და სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების ეკონომიკური მხარე, ბათუმს, როგორც საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს შეემატება უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი. კონვენციის ცენტრი ხელს შეუწყობს ბათუმის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას. პროექტის ფარგლებში, მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 35-40 მილიონ აშშ დოლარს".

რაც შეეხება შენობის სიმაღლეს, განაშენიანების რეგულირების გეგმის დოკუმენტში წერია, რომ მისი მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრისთვის გამოყენებულია -  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დებულებები“-ს 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულა.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ  ზღვის პირი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, ამიტომ არ უნდა მოხდეს საპროექტო შენობების სართულიანობის შეზღუდვა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი