ბიზნესმენი ძველ ბულვარში, სანაპიროსთან 15 სართულიანის მშენებლობას ითხოვს

30 დეკემბერი 2019, 14:32 2852 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭო, ბათუმის ბულვარის ძველ ნაწილში,  ე.წ. ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის 3 სართულიან შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვას ითხოვს.   როგორც საბჭოს ერთ-ერთი წევრი და საზოგადოება "ბათომის" დამფუძნებელი, შოთა გუჯაბიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიზნესმენი ბულვარის ტერიტორიაზე 15 სართულის მშენებლობის  ნებართვას ითხოვს. 

ამ თემაზე საბჭოს წევრები სხდომის ბოლოს იმსჯელებენ, რადგან დღის წესრიგში მე-8 საკითხად მოხვდა.  დღის წესრიგში წერია:   შპს "ამბასადორი", ჟღენტის ქუჩა #6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უძრავ ძეგლზე ჩასატარებელ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითხოვს.  თუმცა, კომპანიამ 2018 წელს, უნებართვოდ დაანგრია ძეგლი და შენობის რეაბილიტაცია ფიზიკურად ვერ მოხდება. 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარის შენობის უკანონო დემონტაჟის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, სამსართულიანი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძველ ფუნქციას შეინარჩუნებდა და ისევ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულება იქნებოდა. ზაურ ახვლედიანმა მაშინ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ მერიის გაფრთხილების შემდეგ, „ამბასადორის“ წარმომადგენელმა სააგენტოში საპროექტო დოკუმენტაცია წარმოადგინა და შეთანხმდნენ, რომ იგივე მოცულობის შენობას ააშენებენ.  

ნებართვის შემდეგ, შპს "ამბასადორი" რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში.  საეჭვო სამსართულიანი შენობის საძირკველი გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კანონით მცირე ზომის შენობას აგებდა, საკმაოდ ღრმა საძირკველი ამოთხარა. ამის გამო, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ინვესტორს იქ მაღალსართულიანი შენობის აგება სურდა. ისინი მოუწოდებდნენ პროკურატურას, დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტით. 

ობიექტზე ამ დრომდე არ იყო გამოკრული არქიტექტურული პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმების შედეგად გაიცა. ეს კი კანონდარღვევაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში