ხელვაჩაურის მერიამ ნაპირგამაგრებისთვის თანხები კანონდარღვევით დახარჯა - აუდიტი

30 დეკემბერი 2019, 12:03 496 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზეა საუბარი.

კერძოდ, ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მერიის მიერ საავტომობილო გზის − ბათუმი-ხულო-ახალციხის მე-16 კილომეტრზე, მდინარე აჭარისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოყოფილი 219 097 ლარი დაიხარჯა კანონდარღვევით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ეს წარმოშობს მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკს.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, კულტურის სახლი, რომლის რეკონსტრუქციაზეც ხელვაჩაურის მერიამ 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა დაზიანებულია, ხოლო გათბობა-კონდიცირების სისტემა, რომლის შეძენა-მონტაჟისთვის 190 990 ლარია გადახდილი, დამონტაჟების პერიოდიდან, 2016 წლიდან, არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელი კომპანია ვალდებული იყო კულტურის სახლში არსებული ხარვეზები გამოესწორებინა, ხარვეზები არ გამოსწორებულა.

ამასთან, ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც შესრულებულია კონკრეტული სამუშაო, თუმცა მოსახლეობა ვერ სარგებლობს. მაგალითად, სოფელ ზედა თხილნარში, წყალსადენის მილის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების სამუშაოებისათვის, ხელვაჩაურის მერიამ 29 030 ლარი გადაიხადა, თუმცა წყალსადენი არ არის ჩართული სისტემაში და შესაბამისად, მოსახლეობა ვერ სარგებლობს.

„მუნიციპალიტეტის მიერ არასათანადო დაგეგმვისა და განხორციელებულ პროექტებზე სუსტი მონიტორინგის არსებობის გამო, მოსახლეობა ვერ სარგებლობს შექმნილი ინფრასტრუქტურით, რაც საბიუჯეტო სახსრების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში 45 669 ლარის, არაეფექტიან განკარგვაზე მიუთითებს,”-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში