ერმაკოვთან საქმიანი ურთიერთობა არ მქონია, უთხრა მოწმემ პროკურორს - მაღალჩინოსნების საქმე

29 ნოემბერი 2019, 14:35 1752 ნახვა

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების საქმეზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. დღეს სასამართლო დაცვის მხარის ორ მოწმეს მოუსმენს. მოწმის სახით იკითხება ირაკლი ხარაზი, რომელსაც სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა ევალებოდა. ის კომპანიას სხვადასხვა სამუშაოებზე რჩევებს აძლევდა. ერთ-ერთი მოწმე ვახტანგ ჩიქოვანი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ამტკიცებდა, რომ კომპანია "კონვენტ ჯორჯიას" იაფი სახლის ტენდერი გიორგი ერმაკოვის მეგობარმა სწორედ ირაკლი ხარაზმა მოაგებინა.

ხარაზი თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმე იყო, თუმცა პროკურატურამ ის მოწმეთა სიიდან ამოიღო. ის დღეს დაცვის მხარის მოწმეა. მოწმე ხარაზის განმარტებით, ის რომ ტენდერი რომ "კონვენტ ჯორჯიამ" მოიგო, არ იცოდა და არც ის იცოდა რომ კომპანია ამ ტენდერში მონაწილეობდა. მოწმის მტკიცებით, მხოლოდ მისი და ერმაკოვის მამები იყვნენ მეგობრები, მას კი ყოფილ მერთან  მეგობრობა არ აკავშირებს. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, სად დაიხარჯა ის თანხა, რომელიც მერიამ კომპანიას ავანსის სახით გადაურიცხა.

"თქვენ რომ მთხოვოთ გარიგება, ვცდიდი, მაგრამ გიორგი ერმაკოვთან არა. მასთან საქმიანი ურთიერთობა არ მქონია"- ასე უპასუხა პროკურორს მოწმე, ირაკლი ხაბაზმა.  იგი გიორგი ერმაკოვთან კავშირებს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ტენდერის მოგებაში კომპანიას დაეხმარა უარყოფს.

ადვოკატების ინფორმაციით, შესაძლოა სასამართლოში არ გამოიკითხონ ბრალდებულები და ისინი მათ პოზიციას დასკვნით სიტყვაში დააფიქსირებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში