''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე მხოლოდ ბოქლომი ჩამოკიდეს

22 ნოემბერი 2019, 10:28 1573 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატებს ჯაჭვი წაართვეს და უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე მხოლოდ ბოქლომის ჩამოკიდება მოახერხეს. 

ოპოზიციური პარტიის წევრებმა თავდაპირველად ჭიშკართან მისვლა ვერ შეძლეს, მათ პოლიცია არ უშვებდა. სამართალდამცველებს გზა  ჩაკეტილი ჰქონდათ. 

მოგვიანებით  უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ასმათ დიასამიძე და გია დიასამიძე ჭიშკარს მიუახლოვდნენ და ბოქლომი ჩამოკიდეს.   

"სიმბოლურად ჩამოვკიდეთ ბოქლომი, ეს პროცესები გაგრძელდება. გუჯას 13 დღიანი პატიმრობა ვერაფერს დააკლებს, ის გამოვა და ბრძოლას გავაგრძელებთ" - განაცხადა გია დიასამიძემ, რომელმაც აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

უმაღლესი საბჭოს შენობასთან პარტიის წევრები და აქტივისტები დილიდან მივიდნენ. ადგილზე იყო პოლიციაც. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ  ბოქლომის ჩამოკიდება  მხოლოდ ღობეზე შეეძლოთ. ცენტრალურ კარზე ბოქლომის დადების უფლებას კი ვერ მისცემდნენ.

აქციის მონაწილეები ელგუჯა ბაგრატიონს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ბაგრატიონი 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს, თბილისში დააკავეს. მას სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში