პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო თანამდებობებს და უმრავლესობას ტოვებენ - ამის შესახებ ვიცე სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი მათთვის პრინციპული იყო და პროცესებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
''მე პირადად ვარ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი, ეს ორივე არის მარალი თანამდებობა და დიდი პასუხისმგებლობა, ასეთი განცხადების შედმეგ მე ორივე პოსტის დატოვება მომიწევს. სამწუხაროდ, შედეგი დადგა. არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა. ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ასეთი შედეგის შემთხვევაში მათი გეგმები პარტიისთვის ცნობილი იყო.
"ჩვენ არ გვქონია სურვილი გუნდის დატოვების, უბრალოდ სხვა გზა არ გვქონდა დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ. ჩვენ არც ოპოზიციაში წასვლა დაგვიგეგმავს და არც სამომავლო გეგმებზე გვისაუბრია. დღეს იყო ძალიან მძიმე უმრავლესობის სხდომა, ნებისმიერი შედეგი, რაც არ უნდა დამდგარიყო კენჭისყრაზე, მე ვფიქრობ პარტიისთვის გარკვეული დანაკარგით დასრულდებოდა. ვინაიდან ასეთი შედეგი დადგა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს პარტიისთვის იყო ცნობილი."
საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე -101, წინააღმდეგი - 3.
პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა.