პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ბათუმის ციხეში პატიმარმა თერმომეტრი და მეტალის ნივთი 17 ოქტომბერს გადაყლაპა. მსჯავრდებულს ოპერაციული ჩარევით, უცხო სხეულების ამოღება, რამდენჯერმე შესთავაზეს, მაგრამ ის უარს ამბობს.
26 ოქტომბერს, პატიმარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რენტგენოგრაფია ჩაუტარდა. უწყებაში განმარტავენ, რომ უცხო სხეული მუცლის ღრუში, დაახლოებით კუჭის საპროექციო არეში დაფიქსირდა.
''17.10.2019წ. მსჯავრდებულმა გადაყლაპა თერმომეტრი და მეტალის ნივთი (ფრჩხილების საკვნეტი). ი.ს. ითხოვდა გადაყვანას N6 ან N7 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულს შესთავაზეს უცხო სხეულების ამოღება ენდოსკოპიური გზით, რაზეც განაცხადა უარი. მეტალის უცხო სხეული ევაკუირებული იქნა ფიზიოლოგიური გზით, ხოლო, თერმომეტრთან დაკავშირებით, მსჯავრდებულს 26.10.2019წ. შეეთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანა, რაზეც კვლავ განაცხადა უარი (შედგენილია შესაბამისი აქტი). იმავე დღეს, განმეორებით შეთავაზების შემდეგ, მსჯავრდებულმა განაცხადა თანხმობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე და იგი გადაყვანილ იქნა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა მიმოხილვითი რენტგენოგრაფია.
ჩატარებული რენტგენოგრაფიით, მუცლის ღრუში, დაახლოებით კუჭის საპროექციო არეში გამოვლენილ იქნა უცხო სხეული. მიუხედავად სათანადო ახსნა-განმარტებისა, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა უცხო სხეულის ამოღებაზე და დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილას. 31.10.2019წ. და 01.11.2019წ. კვლავ უარი განაცხადა უცხო სხეულის ამოღების მიზნით რეფერირების განხორციელებაზე'' - წერია პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.
პატიმარი სასჯელს 2014 წლიდან, ყაჩაღობისა და ბინაში არაერთგზის შეღწევის მუხლებით იხდის. პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინა. საბოლოოდ კი სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 3 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
''თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.06.2017 წლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა), 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, (იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის), 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ), 3782 მუხლის პირველი ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/ გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა), 3782 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით (იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც უკვე ჩადენილი აქვს მოცემული დანაშაული) საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 3 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა'', - აღნიშნულია წერილობით პასუხში, რომელიც უწყებისგან მივიღეთ.
დღეს, 1 ნოემბერს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ფოსტით მიიტანეს პატიმრის წერილი. იგი წერდა, რომ 14 დღის წინ ციხეში თერმომეტრი გადაყლაპა. ითხოვს ბათუმის მესამე დაწესებულებიდან მეექვსე ან მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანონ.