''ნაციონალური მოძრაობა'' პროტესტის ნიშნად, მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს არ დაასახელებს 

28 ოქტომბერი 2019, 11:33 1840 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლები ამბობენ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს, პროტესტის ნიშნად არ დაასახელებენ. ამის შესახებ გია დიასამიძემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული შემადგენლობიდან ოპოზიციური პარტია კანდიდატს არ შეარჩევს. 

''მრჩეველთა საბჭოს არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით პროტესტი გვაქვს. ჯერ კიდევ კონსულტაციის გარეშე, კომისიის დაკომპლექტებიდან დაწყებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანდიდატებს შორის არ იყო ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით. ჩამონათვალში ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო, მაგრამ პროტესტის ნიშნად ამ ეტაპზე არ დავასახელებთ'' - განაცხადა ბრიფინგზე გია დიასამიძემ.  

კანონის თანახმად, კონკურსი საბჭოს ერთ მრჩველზე განმეორებით გამოცხადდება. 

უმაღლესმა საბჭომ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი მრჩეველი გასულ კვირას დაამტკიცა.  თამილა დოლიძე და სოსო სტურუა ''ქართულმა ოცნებამ'' დაასახელა. თამარ წილოსანი კი, დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით გავიდა.  სხდომა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია. გია დიასამიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესები ოპოზიციის ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.

თავდაპირველად ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ მრჩევლობის კანდიდატებს შეხვდებოდნენ და რჩეულს შემდეგ დაასახელებდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში