პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა 2026 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განიხილეს. მომავალი წლის ბიუჯეტი 468 მილიონი ლარით იზრდება შემოსულობების ნაწილში და ჯამურად 30 მილიარდ 759 მილიონი ლარით განისაზღვრება, ხარჯვით ნაწილშიც კი 405 მილიონიანი ზრდაა, ჯამში კი 30 მილიარდ 881 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა უწყებასა და სამინისტროს. ჯანდაცვის სამინისტროს ჯამური დაფინანსება 48 მილიონი ლარით გაიზარდა.
150 მილიონი ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი და მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა უქმდება და ამ პროგრამით მოსარგებლე ადამიანებს კერძო სექტორში დასასაქმებლად გადამზადების სხვადასხვა პროგრამებს შესთავაზებენ.
90 მილიონი ლარით იზრდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება და 2 მილიარდ 702 მილიონ ლარს შეადგენს. დამატებით 34 მილიონი ლარი გამოიყო სკოლების დაფინანსებისთვის, რაც პირველკლასელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. ჯამში სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება 1 მილიარდ 923 მილიონი ლარია.
კულტურის სამინისტროს დაფინანსება 42 მილიონი ლარით იზრდება და 365 მილიონ ლარს შეადგენს. სხვადასხვა პროგრამაზე დაფინანსება ეზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც.
თბილისსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის ბიუჯეტში 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დაფინანსება დაემატა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს პროგრამებსაც.
