"საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას" - საგარეო

19 ოქტომბერი 2019, 13:38 2089 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას გმობს.

"ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება"- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში