აჭარის მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი სასამართლომ შეაჩერა

24 სექტემბერი 2019, 20:02 4228 ნახვა

აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ, 25 აგვისტოს გამოცხადებული დირექტორის მე-4 კონკურსი მოსამართლე კობა გოცირიძემ შეაჩერა. 

საქალაქო სასამართლოს განჩინება, მრჩეველთა საბჭოს დღეს ჩაბარდა. კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება, მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. 

სასამართლოს ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი კოხრეიძემ 18 სექტემბერს მიმართა. კოხრეიძე სადაოს ხდის 22 აგვისტოს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნების შედეგებს. ის მიიჩნევს, რომ ხმათა უმრავლესობა - მრჩეველების 2 ხმა, განმეორებით კენჭისყრაზე მან მიიღო და ბათილად უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება, კონკურსის ჩაშლის თაობაზე. 

22 აგვისტოს, დირექტორის არჩევნებზე მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი იმყოფებოდა.  აქედან, ერთ-ერთმა წევრმა - (ნაციონალური მოძრაობის კვოტით) ბეჟან გობაძემ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 3 წევრის ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა - 2 ხმა გიორგი კოხრეიძეს, ხოლო ერთი ხმა თინათინ ცისკარაძეს ერგო. 

მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რადგან სხდომას 4 წევრი ესწრებოდა და კონკურსში გასამარჯვებლად კანდიდატს სამი ხმასჭირდებოდა. ვინაიდან, სამი ხმა არც ერთ კანდიდატს არ მიუღია, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში