სულ ვამბობდი, რომ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებდი, ახლაც ასე მოვიქეცი - ნატა იმედაიშვილი

22 აგვისტო 2019, 19:38 2134 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი დღეს ისევ ვერ აირჩიეს. კონკურსი მესამედ ჩაიშალა.  ამჯერად ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი კი თინა ცისკარაძემ. 

სხდომას არ ესწრებოდა გიორგი ირემაძე. მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ბეჟან გობაძემ კი თქვა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ქვორუმი იყო, თუმცა მრჩევლებს შორის კონსენსუსი და შეთანხმება ვერ შედგა. 

''ჩემზე ვერ მოახდენდა გავლენას ვერც სამთავრობო, ვერც არასამთავრობო და ვერც სხვა პირები. მე მხარს დავუჭერ პროფესიონალიზმს, მიუკერძოებლობას და გამოცდილებას'' - თქვა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ. 

ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ ის რაც დღეს ხდება ბორდის წევრების პასუხისმგებლობაა, ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.

''მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი ვერ გამოცხადდა სხდომაზე, ერთ-ერთმა წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ეს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის საკითხია, საბჭოს სამი წევრი იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას და ჩვენს შორის დაინახეთ, რომ შეთანხმება და კონსენსუსი ვერ შედგა, ეს პროცესი მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩვენ ვსაუბრობდით თითოეულ კანდიდატზე ჩვენს შორის შეთანხმება უნდა შემდგარიყო მაგრამ, ვერ შედგა. 

მე ვთქვი და სულ ვაკეთებდი საჯარო განცხადებას, რომ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებდი. საუბარზე თანახმა ვიყავი და ვლაპარაკობდით ამის შესახებ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. მე მესმის საზოგადოების, ჩემი თანამშრომლების აღშფოთების, თქვენ წარმოიდგინეთ თითოეული კანდიდატის მესმის, რომელიც  არჩევნებში მონაწილეობდა. ყველას ვუხდი მე პირადად ბოდიშს, თუ შეიძლება, რომ ეს მათზე რაღაცნაირად მოქმედებდეს.

დღეს არის ეს შედეგი და რა თქმა უნდა ეს არის საბჭოს წევრების პასუხიმგებლობა. შედეგი, რომელიც დადგა ჩემი აზრით ძალიან უპასუხისმგებლოა. 

დღეს გვაქვს მოცემულობა, მესამედ ვერ ავირჩიეთ დირექტორი, ეს ძალიან ცუდია'' - განაცხადა პირდაპირ ეთერში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ.  

ნატა იმედაიშვილი ფიქრობს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის წესი უნდა შეცვალოს.

''ჩვენ რაღაცები უნდა შევცვალოთ. ვარ მომხრე, რომ შეიცვალოს დირექტორის არჩევისა და დანიშვნის წესი, სადაც თავმჯდომარეს უფრო მეტი უფლება ექნება. თუ რა თქმა უნდა ამის საშუალებას ჩემი კოლეგები მომცემენ, აქ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ბეჟან გობაძეს, თუ ის ჩემს წინადადებას გამოყვა, მე ამ საკითხში მას თანამშრომლობას  ვთხოვ. ასევე იქნება გიორგი ირემაძის დიდი ძალისხევა და მონდომებაა საჭირო, რომ შევცვალოთ დირექტორის არჩევის წესი'' - ამბობს იმედაიშვილი.

კონკურსის მიმდინარეობისას, გასაუბრებაზე რამდენიმე კანდიდატმა ღიად თქვა, რომ ერთ-ერთი მონაწილე, თინა ცისკარაძე ნატა იმედაიშვილის მეგობარია და მას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მხარს დაუჭერდა.

ნატა იმედაიშვილი კი ამბობს, რომ ის მხარს მხოლოდ პროფესიონალს დაუჭერს. კანდიდატების დიდი ნაწილი კი მისის მეგობარია.

''თინამაც განაცხადა და მეც ვამბობ, რომ ამ ქალაქში არ არის ადამიანი ვისთანაც მე რაღაც ურთიერთობა არ მქონდეს. ეს შეიძლება სუბიექტურადაც გამოიყენოს ადამინმა. აქამდე მეგონა, რომ ბაჩოც ჩემი მეგობარი იყო, მერაბი ჩემი თანაკურსელია და მე მასთან დიდხნიანი მეგობრობა მაკავშირებს და ის არის პროფესიონალი, მაგრამ არის სხვა მომენტებიც'' - ამბობს იმედაიშვილი.

25 აგვისტოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩაინიშნა, სადაც მეოთხე კონკურსის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიცია დაახლოებით 4 თვეა ვაკანტურია. 19 აპრილს მრჩეველთა საბჭომ არხის მოქმედი ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში