წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილს - #სირცხვილიას მანიფესტი

20 სექტემბერი 2019, 23:25 1965 ნახვა

20 ივნისის აქციის ძალადობრივად დარბევის შემდეგ 3 თვე გავიდა. #სირცხვილიას აქტივისტები უწყვეტი რეჟიმში მართავდნენ სხვადასხვა ფორმის აქციებს, დღეს კი, 20 სექტემბერს მასშტაბური აქცია გამართეს და რუსთაველის ქუჩა კიდევ ერთხელ გადაკეტეს. 

აქციის ლოზუნგი იყო "ერთად, ერთის წინააღმდეგ". რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა თქვეს, რომ განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები მთავარი ღირებულების - რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიკრიბნენ და მიაჩნიათ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატივო მომავალია.

ბიძინა ივანიშვილს კი, აქციის მონაწილეებმა წითელი ბარათი უჩვენეს.  

#სირცხვილიას მანიფესტი 

"ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები: ექიმები, რომლებსაც ვანდობთ ჯანმრთელობას; იურისტები, რომლებსაც ვანდობთ სიმართლეს; ჟურნალისტები, რომლებსაც ვანდობთ სათქმელს; პოლიციელები, რომლებსაც ვანდობთ უსაფრთხოებას; მასწავლებლები, რომლებსაც ვანდობთ შვილებს; ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, სპორტსმენები და მეშახტეები. ყველა ის, ვისი სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება.

და როდესაც ქვეყნის სამსახურში ყველანი ერთად ვდგავართ, ყველაფერი იცვლება: აღარ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ ვლახავთ; აღარ არსებობს ძალა, რომელსაც ვერ ვერევით.

და აღარ არსებობს იარაღი, რომელიც აფერხებს ჩვენს უკან მოუხედავ სწრაფვას თავისუფლებისკენ!

20 ივნისს ჩვენ ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა გაგვაერთიანა. სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა. დაშავდა ასეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის მედიის ათეულობით წარმომადგენელი და რაც ყველაზე ტრაგიკულია, მოქალაქეთა ჯანმრთელობას მიადგა აუნაზღაურებელი ზიანი. ჩვენ ამას არ ვპატიობთ!

ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ერთიანდება ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების გარშემო, რაც ნიშნავს დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, სადაც სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც საკანონმდებლო ორგანო ემსახურება მოქალაქეების ინტერესს.

ჩვენ ვერთიანდებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატივო მომავალია.

ისევე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის — საქართველო.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი მოძრაობისა და ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარი — პროპორციული არჩევნები!

 

#სირხვილიას სამოქმედო გეგმა

 

  • ჩვენ თბილისსა და რეგიონებში შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა ჯგუფებს, რომლებიც მოსვენებას არ მისცემენ ივანიშვილის მსახურებს!
  • ჩვენ იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს. შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს!
  • ჩვენ შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას!
  • ჩვენ შევქმნით ელფების არმიას, რომელიც ონლაინსივრცეში დაამარცხებს ივანიშვილის ბოტებსა და ტროლებს!
  • ჩვენ ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას იმისთვის, რათა 2020 წელს მაქსიმალურად ბევრმა მოქალაქემ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი!
  • ჩვენ ყველაფრის მისაღწევად, მუდმივად გავაჩენთ შესაძლებლობებს, რომ განსხვავებულმა ადამიანებმა საერთო მიზნისთვის დაიწყონ ბრძოლა. რადგან ძალა ერთობაშია და ეს ერთობა იქნება ის, რითიც დავამარცხებთ ივანიშვილს მედიაში, ინტერნეტსა და 2020 წლის არჩევნებში!"

ფოტო: ნათია კოპალიანი

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში