„გავრილოვის ღამიდან“ 91-ე დღეს #სირცხვილია მაშტაბურ აქციას გეგმავს

20 სექტემბერი 2019, 11:51 1206 ნახვა

დღეს, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან #სირცხვილიას აქტივისტები მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები საზოგადოებას ერთ წლიან გეგმასაც წარუდგენენ. ''გავრილოვის ღამიდან'' 3 თვის შემდეგ, აქცია სიმბოლურად 20 სექტემბერს ჩაინიშნა. 

ორგანიზატორების თქმით, ეს არის პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც პრორუსულია. ისინი კი, აქციიდან პრორუსულ ძალებს წითელ ბარათს უჩვენებენ.  

''ჩვენ დღეს განსხვავებულობას ვიზეიმებთ, სხვადსხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები შევიკრიბებით, რომლებსაც  ერთი საერთოდ ფასეულობა აქვთ - ევროპა და ევროპულობა. ეს არის ბრძოლა დასავლური ღირებულებებისთვის. ვეცდებით მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. 2020 მისმა პარტიამ სახელმწიფო სადავეები უნდა დატოვოს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ უზრუნველვყოფთ პრორუსული და კოლაბორაციონისტი ხელისუფლების საბოლოო დამარცხებას'' - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

გადაცემა „სირცხვილია“ გუშინ დასრულდა. გავრილოვის ღამის შემდეგ,  რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა, შემდეგ კი, ყოველ დღე 21:00 საათზე პარლამენტის წინ გადაცემა #სირცხვილია იწყებოდა. 

„ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ნამდვილ საზოგადოებრივ მაუწყებლად ვიქეცით. შევქმენით პროტესტის კერა, რომლის მიზნადაც ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა და მათ სამარცხვინო ქმედებებზე ხმამაღალი საუბარი იყო. 42 დღეა ხელისუფლების შეცდომების შესახებ სხვადასხვა წარსულის, პროფესიის და შეხედულების ადამიანებთან ვსაუბრობთ“, - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 19 პირი პატიმრობაში რჩება.

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში