ახიადოვი ექსტრადირებულია - ინტერპოლით ძებნილი ეროვნებით ჩეჩენი საქართველომ რუსეთს გადასცა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ახიადოვს ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებასა და ბრძოლის ეპიზოდებში ედება ბრალი. თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ მანამ, სანამ ექსტრადიციაზე დათანხმდებოდა, რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ახიადოვს არ დაემუქრება წამება. სწორედ ამის მოლოდინი აქვს უკვე ექსტრადირებულს და მის ადვოკატს. იგი ბრალდებას მოგონილს უწოდებს და ამბობს, რომ სამშობლოში არაადამიანური მოპყრობა ელოდება.
ამ საკითხზე გამართა დღეს დილით საგანგებო ბრიფინგი „ევროპულმა საქართველომ.“ ელენე ხოშტარიაც მოუწოდებდა ხელისუფლებას არ გადაეცათ ახიადოვი რუსეთისთვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ დროს იგი უკვე ექსტრადირებული იყო. „ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად“ ამბობს დეპუტატი. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს, დეტალების შესწავლის გარეშე რუსეთს ყველა მოთხოვნა შეუსრულოს და ის ნაკლებად გააღიზიანოს. ამასთან ადვოკატიც ირწმუნება, რომ პროკურატურა რუსეთის გამოძიების მასალებით არ დაინტერესებულა.