ვინ ამოთხარა ხე - ამის გარკვევას 2 უწყებაში 7 ზარი დასჭირდა

12 სექტემბერი 2019, 14:47 546 ნახვა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ხე მოგლიჯეს. ინფორმაცია ამის შესხებ აჭარის მაუწყებელს მოქალაქემ მოგვაწოდა. ის გვიყვებოდა, რომ ხე წააქციეს, დაანაწევრეს, შემდეგ კი წაიღეს.

ვინ და რატომ მოთხარა ან ამოთხარა ხე? - ინფორმაციის დაზუსტება მაუწყებელმა მერიაში სცადა. ჯერ გამწვანების სამსახურში დავრეკეთ, სადაც გვითხრეს, რომ ხე მათ არ ამოუღიათ, არც დაზიანებული ყოფილა და ის სპეციალისტებმა დროებით სანერგე მეურნეობაში გადაიტანეს. სამუშაოების შემდეგ კი, უკან ქუჩაზე დააბრუნებდნენ. 

მოგვიანებით ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით, ვიკითხეთ გააფრთხილეს თუ არა გამწვანების სამსახური ხის ამოღების შესახებ. უწყებაში გვითხრეს, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე ამოღებული ნაძვი დაზიანებული იყო, ის კომპანიის წარმომადგენლებმა ამოთხარეს, თუმცა არა თვითნებურად. მათი მტკიცებით, ადგილზე გამწვანების სამსახურის სპეციალისტიც იმყოფებოდა. 

ზედამხედველობაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, თუ ხის დროებითი გადარგვა ან ამოღებაა საჭირო, გამწვანების სამსახურს აფრთხილებენ. მუშაობის დროს ზოგადად ამ პრაქტიკით ხელმძღვანელობენ და კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. 

მოგვიანებით გამწვანების სამსახურში კიდევ ერთხელ დავრეკეთ. სადაც ისევ დაგვიდასტურეს, რომ ხე დაზიანებული არ ყოფილა და ამ წუთებშიც სანერგე მეურნეობაში ჰქონდათ, თუმცა დააზუსტეს, რომ ხის ამოღების შესახებ უწყებების ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაცია შედგა. 

ამ ერთი ხის ამბავზე რთული დასადგენი გახდა, რატომ ამოიღეს ხე, ვინ ამოიღო და დაზიანებული იყო თუ არა. მოქალაქე კი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება რომ ხე ტრაქტორით მოთხარეს - "ასე მხეციც არ იზამს" - გვიყვებოდა აღშფოთებული.   

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი