ბათუმში ცრუ შეტყობინების გამო, 30 წლის კაცს 6 წელი მიუსაჯეს

09 სექტემბერი 2019, 15:01 3779 ნახვა

"ნასვამი ვიყავი, რაიმე სხვა მიზანი არ მქონია, უბრალოდ დავრეკე" - ასე, უპასუხა 30 წლის მოქალაქემ მოსამართლეს კითხვაზე, რატომ დატოვა პოლიციაში ცრუ შეტყობინება, რომ ბათუმის ''შერატონში'' ბომბი იყო. 

დაზარალებული მხარე კი, მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ცრუ შეტყობინების და სამორინე "მშვიდობიდან" ხალხის ევაკუაციის გამო, მათ 100 000 დოლარის ზარალი მიიღეს.

6 სექტემბერს, მხარეების პოზიციების გაცნობის შემდეგ, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა, 30 წლის ბრალდებულს, აზერბაიჯანის მოქალაქე ორხან სელიმზადეს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ორხან სელიმზადე წინასწარპატიმრობაში 5 თვე გაატარა. მან, 31 მარტს, ღამის საათებში „112“-ში დარეკა და თქვა, რომ „შერატონის“ სამორინეში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც სამორინეში იმყოფებოდა. 

დაკავებულის ადვოკატი მამუკა ზოიძე ამბობს, რომ მოსამართლე მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს ობიექტისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

"სააპელაციო სასამართლოში ვგეგმავთ გავასაჩივროთ. ჩვენ ვითხოვდით, რომ ბრალდება შეცვლილიყო და მეორედან პირველ მუხლში გადმოსულიყო, რაც ნაკლებ ზიანის მიყენებას გულისხმობს. სამორინე "მშვიდობის" წარმომადგენლებს არ ჰქონიათ არანაირი მტკიცებულება, რომ ევაკუაციის გამო, მათ 100 000 ლარის ზარალი მიიღეს" - ამბობს ადვოკატი. 

სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია, გაზეთმა "ბათუმელებმა" გამოაქვეყნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში