კრაზანები და ბაზები დასავლეთ საქართველოში მომრავლდა - სახელმწიფოს უფასო მომსახურება არ აქვს

02 სექტემბერი 2019, 14:19 10704 ნახვა

დასავლეთ საქართველოში კრაზანებისა და ბაზების რაოდენობამ წელს ზაფხულში საგრძნობლად იმატა. მოქალაქეები ბაზების ბუდეებს ბათუმში კორპუსების აივნებზეც პოულობენ. 

ბათუმის "სანდასუფთავებაში", სადაც მავნებლების საწინააღმდეგოდ სპეციალური პროგრამა არსებობს,  ადასტურებენ ბაზების მომრავლების ფაქტს. ამბობენ, რომ  ყოველდღიურად  4-5 გამოძახება აქვთ. დერატიზაცია-დეზინფექციის სამსახურის უფროსის განმარტებით,დაახლოებით 60-70 გამოძახება ფიქსირდება თვის განმავლობაში.

მომსახურება მოქალაქეებისთვის ფასიანია, თუ სახლში აღმოაჩენთ კრაზანების ან ბაზების ბუდეს, მერიის სპეციალური სამსახურის მომსახურება საშუალოდ 50 ლარამდე დაგიჯდებათ. 

მწერების მომატება საგრძნობია ქობულეთშიც. მწერების წინააღმდეგ ბრძოლა ქობულეთელებისთვისაც ფასიანია. 

საშიში მწერების ბუდე, ქობულეთში გოგიტიძეების ოჯახიც აღმოაჩინეს. დიდი რაოდენობით ბაზები საცხოვრებელ სახლში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე იყო. 

„კრაზანები დიდიხანია ბუდობს ეზოში, ვცდილობდით ჩვენი ძალებით გავმკლავებოდით, თუმცა წელს აგრესიული მწერი უფრო მეტი სიხშირით მოედო მთელ ეზოს," - გვიყვება ალექსნდრე გოგიტიძე. ამბობს, რომ მწერებს ვეღარ გაუმკლავდნენ და „შპს ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურს" მიმართეს დასახმარებლად. 

კარმიდამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შეწამლეს, თუმცა გოგიტიძეების ოჯახში ირწმუნებიან, რომ უშედეგოდ. "როგორც ჩანს არაეფექტური იყო შესაწამლი საშუალებები, არ განადგურდა მწერი და მეზობლის მირჩია ბათუმის მერიის სამსახური გამომეძახა, რომელიც ფასიანია. დავურეკეთ, ჩამოვიდნენ და ამის შემდეგ განადგურდა ბაზები“.

ბათუმის "სანდასუფთავების" სამსახურის, დეზინფექცია-დერატიზაციის განყოფილების უფროსი ზურაბ ლორთქიფანიძის ამბობს, რომ ქობულეთიდან ხშირად აქვთ გამოძახება.  

რა უნდა ქნას მოქალაქემ ქობულეთში თუ ბაზები შემოესია? ფუნქციონირებს თუ არა შესაბამისი სამსახური ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ხდება თუ არა სერვისის მიწოდება თანაბრად ყველასთვის. 

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ასეთი სამსახური მუნიციპალიტეტში არსებობს და მომსახურებას ფასიანია. „მსგავს შემთხვევისას არსებობს შესაბამისი სამსახური, "შპს ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური", რომელიც ახორციელებს დეზინსექცია-დერატიზაციას. მომსახურება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 18 000 ლარით ფინანსდება".  

რაც შეხეება იმ ფაქტს, რომ სერვისის მიწოდებას მაღალკვალიფიციურად ან თანაბრად ვერ ახერხებს მოქალაქეებისთვის, ქობულეთის მერიაში უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებენ. „შეუძლია ნებისმიერ მოქალაქემ მომართოს საჭიროების შემთხვევაში სამსახურს, რომლის გამოძახება ფასიანია,. მხოლოდ ერთი მანქანა-დანადგარი ჰყავს რეგიონს, რომელიც ახდენს დეზინსექცია-დერატიზაციას. რაც შეეხება ხარისხს, როგორც ჩვენთვის ცნობილია  კონკრეტულად ფუტკარაძეების ოჯახს, სამსახურის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი ლოკაცია მიუთითეს, ვარაუდობთ, რომ რამდენიმე კერა იყო ეზოში“.

ბაზებისა და კრაზანების საწინააღმდეგო პროგრამა არც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, თუმცა ამბობენ რომ კრაზანების შესახებ შეტყობინება სამინისტროში წელს დაფიქსირდა.  

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში