სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია

08 აგვისტო 2019, 20:41 1332 ნახვა

გორში, სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით,   სამუშაოების დაწყებისთანავე ამოქმედდა ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

„ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები, შეჩერებულია! უკვე ორჯერ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, იმ ეპიზოდზე, რომელსაც გუგუტიანთკარში სავარაუდოდ, გუშინ ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკანონოა და აბსოლუტურად მიუღებელია ახლაც და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუმცა სწორედ ამ დღეებში, კიდევ უფრო პროვოკაციულია და მით უფრო მტკივნეულად აღიქმება.“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე ე.წ. მესაზღვრეებმა ტერიტორიაზე  რკინის  კონსტრუქციები მოიტანეს, რომელზეც შემდგომში მავთულხლართს ამონტაჟებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში