მედიაზე თავდასხმების ისტორია

21 ივლისი 2019, 19:13 839 ნახვა

ტელევიზიები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ხელში. საქართველოს უახლესი ისტორია, არაერთ ასეთ ფაქტს ინახავს და ყველა შემთხვევაში, არხებზე კონტროლს, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ყოველთვის ხელისუფლება ახორციელებდა.

ხშირად ეს ხდებოდა ტერორის, იძულებისა და ფიზიკური თავდასხმების მეშვეობითაც კი. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, სპეცრაზმელების შესვლა, დარბევა  და  ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე, ტელეკომპანია იმედში. სადაც მოგვიანებით საინფორმაციო პოლიტიკასთან ერთად, მეპატრონეც შეიცვალა.

2004 წელს მეპატრონეებზე ზეწოლისა და იძულებით შეწყვეტილი მაუწყებლობა იბერიაზე. რომელზეც, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღდგენილი საინფორმაციო მაუწყებლობა, დღეისთვის ისევ გათიშულია. ტელეკომპანია მაესტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ასევე მუდმივად იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მათ შორის ხელისუფლების ინტერესების ნაწილში ამ არხზე. კითხვის ნიშნები და გარკვეული მითქმა-მოთქმა იყო გასულ წელს, ტვ პირველის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებითაც, რომელზეც მესამე სექტორი საუბრობდა, თუმცა მას გაგრძელება არ ჰქონია.
 

კითხვები და საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასებები გვესმის საზოგადოებრივ მაუწყებელში, 2017 წელს მენეჯმენტის შეცვლის შემდეგაც. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროცესებისა და მედიასაშუალებებისა, სადაც ბოლო ორი ხელისუფლების პირობებში მეპატრონეები და საინფოემაციო პოლიტიკა იცვლებოდა. ყველაზე ხმაურიანი და მასშტაბური კი, მისი არსებობის პირობებში, რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული პროცესებია, სადაც გავლენების მოპოვების მცდელობები, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდიდან იწყება.

რაც შევარდნაძეს არ გამოუვიდა, მისმა სამართალმემკვიდრემ მოახერხა, სწორედ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მოსვლის დღიდან იწყება ამ არხის ირგვლივ დიდი გადაცემა-გადაფორმებების სერია, რომლის ბოლო აკორდი 18 ივლისი იყო. ახლა, არხის მეპატრონე ქიბარ ხალვაშია, შეიცვალა მენეჯმენტიც, საზოგადოება კი, უკვე მრავალჯერ ნანახი სცენარის-საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის მოლოდინშია.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში