სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება - ახალგაზრდები ფაქტზე დაიჭირეს და გამოძიებაც დაიწყო

03 ივლისი 2019, 13:15 12863 ნახვა

ბოლო ორი დღის მანძილზე  ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან  2 აბიტურიენტი მოიხსნა. ერთ შემთხვევაში, კონკრეტული ადამიანის ნაცვლად გამოცდაზე შესვლას სხვა პირი ცდილობდა. დაწყებულია გამოძიება, ხოლო აბიტურიენტი, რომლის ნაცვლადაც გამოცდის დაწერას სხვა ცდილობდა, მოხსნილია გამოცდიდან. მეორე შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდაზე ფარულად შეიტანა მობილური ტელეფონი, რაც მალევე  აღმოაჩინეს და ისიც გამოცდიდან მოხსნეს.

ინფორმაცია გამოცდების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოგვაწოდა.

მათივე განმარტებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე  გამოცხადდა აბიტურიენტების 96%. დაგვიანების სტატისტიკა კი  წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. იყო მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როდესაც დაგვიანების გამო აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს.

ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის წინასწარ ჰქონდათ გაკეთებული განაცხადი სპეციალური პირობების საჭიროების შესახებ 140 აბიტურიენტს, რომლებსაც შეუქმნეს სპეციალური გარემო. გამოცდაზე გავიდა 17 მსჯავრდებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით  წელს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოყენება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გახდა საჭირო.

საქართველოში სულ 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში