სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

28 მაისი 2019, 21:01 9680 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ,  სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს, ომარ მახარაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. 

საბჭოს წევრებმა ლექტორს ეთიკური სტანდარტების დარღვევა დაუდგინეს. სალექციო საქმიანობა კი მახარაძეს უკვე ერთი კვირაა შეჩერებული აქვს. 

''დისციპლინარულმა კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ლექტორს შეეფარდოს დისციპლინური სახდელი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. კომისიის თითეულმა წევრმა, შინაგანი რწმენით და იმ მასალაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ გვქონდა, კენჭი ვუყარეთ და გადავწყვიტეთ, რომ მას ხელშეკრულება უნდა შეწყვეტოდა,'' - უთხრა ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ.

ანზორ ბერიძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი საქართველოშია, თუმცა კომენტარს ისევ არ აკეთებს. ომარ მახარაძეს ტელეფონი გამორთული აქვს. ის დღეს კომისიის სხდომასაც უნდა დასწრებოდა, თუმცა უნივერსიტეტში არ მისულა. 

დეპუტატმა  ბათუმის საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და  ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგები გუშინ დატოვა. 

მეორე კურსის სტუდენტმა, 21 მაისს თქვა, რომ ლექტორი მას ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა.შემთხვევიდან ერთ დღეში, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა.

დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს, ამბობს, რომ მას ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი  გაუტეხეს. 

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ''სტუდენტის საქმეზე'' გამოძიება 150-ე „იძულების“ მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი შეცვალა. სამართალდამცველები ამ ეტაპზე საკითხს, „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების მუხლით იძიებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში