რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი პირველკლასელებისთვის, ბათუმის 7 სკოლა ჯგუფებს ამატებს 

21 მაისი 2019, 23:39 4906 ნახვა

განათლების რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძე ინფორმაციით, ბათუმში რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მოსწავლეების საჯარო სკოლებში მისაღებად, შვიდ სკოლაში პირველკლასელების ჯგუფებს დაამატებენ.
გადაწყვეტილებასკოლის დირექტორებთან ერთად, რესურსცენტრის ადმინისტრაციამ პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღო. როგორც აღმოჩნდა, მშობლებმა პირველკლასელების რეგისტრაცია არა მხოლოდ სასურველ სკოლაში, არამედ ადგილების დეფიციტის გამო,  საერთოდ ვერ მოახერხეს.

რესურსცენტრის დირექტორი გოჩა დავითაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ ზუსტი მონაცემები, რამდენი სკოლის ასაკის ბავშვი დარჩა რეგისტრაციის მიღმა არ აქვთ. ამ ეტაპზე, თავისუფალი ადგილი 27-დან 6 სკოლაშია დარჩენილი. 

"დღეს შევიკრიბეთ ბათუმის საჯარო სკოლის დირექტორები, გვქონდა კონსულტაციები, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ განათლების სამინისტროებთან. სიტუაცია გაანალიზების შედეგად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლაში გაიხსნება დამატებითი პირველი კლასები.

ეს სკოლებია  - ბათუმის #4,#9, #11, #17, #20 და #25-ე. სულ შვიდ საჯარო სკოლა“ - განაცხადა "მთავარში" გოჩა დავითაძემ.  თითოეულ სკოლაში 25 მოსწავლეს მიიღებენ, ჯამში - 175 ბავშვის რეგისტრაცია გახდება შესაძლებელი. 

რესურსცენტრი მოუწოდებ მშობლებს,  დაურეგისტრირებელი მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ იმ სკოლებს, რომლებსაც ემატებათ ჯგუფები.

"ხვალ სკოლები წარმოადგენენ წერილობით მოთხოვნას ადგილების დამატების შესახებ, ჩვენ მივმართავთ განათლების სამინისტროს და მინისტრის ბრძანების გამოცემისთანავე, შესაძლებელი იქნება ადგილების დამატება და რეგისტრაცია" - აცხადებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში