პარლამენტის წევრმა ოპოზიციის აქტივისტებს სასტუმროს ნომრის დატოვება მოსთხოვა - ინციდენტი ხულოში

07 მაისი 2019, 23:44 4658 ნახვა

ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძემ ნაციონალური მოძრაობის წევრს, საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომრის დატოვება მოსთხოვა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში აქტივისტი ხათუნა ბერიძე აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ მის ნომერში იმყოფებიან სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომლები და პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც კატეგორიულად სთხოვს ორ აქტივისტს დატოვონ სასტუმროს ნომერი.

ამბობს, რომ სასტუმრო მისი კერძო საკუთრებაა და აქვს უფლება დააცლევინოს შენობა. "ძალიან გთხოვთ, წადით, თავისუფალი ხართ. შეიტანონ სასამართლოში და მედავონ. ასე გადაეცით ხალვაშს, მე შევიტან სასამართლოში საქმეს. აიღეთ თქვენი ნივთები და წადით, ეს კერძო საკუთრებაა" - ეუბნება დეპუტატი სასტუმროს ნომერში მოქალაქეებს.

 

ვიდეოში ქალი პასუხობს, რომ ეს არის კანონის დარღვევა და კადრში აჩვენებს დოკუმენტებს, რომელიც, მისი მტკიცებით, იმის დამადასტურებელი საბუთია, რომ ორი დღით იქირავა სასტუმროს ნომერი და თანხაც გადაიხადა. "თქვენ არ გაქვთ უფლება დამატოვებინოთ სასტუმრო, კი არის თქვენი საკუთრება, მაგრამ მე გადახდილი მაქვს თანხა" - ეუბნება ხათუნა ბერიძე დეპუტატს.

ფულის გადახდის ფაქტს ვიდეოში დეპუტატის თანხმლები პირებიც ადასტურებენ და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ეუბნებიან, რომ თანხას უკან დაუბრუნებენ, რომ ეს არ არის უკანონობა, რადგან ის საერთოდ არ დაზარალდება. ადმინისტრაციის თანამშრომლები ეუბნებიან, რომ 5-ჯერ მივიდნენ და მისივე უსაფრთხოებისთვის სთხოვეს დაეტოვებინა სასტუმრო, თუმცა არ აზუსტებენ რა საფრთხე ემუქრება სტუმარს. 

ხათუნა ბერიძის განცხადებით, ის ნაციონალური მოძრაობის წევრია. ხულოში იმყოფება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელი. ირწმუნება, რომ სასტუმროდან მას პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ.

მისივე მტკიცებით, ნომრის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც გაირკვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და ხულოში საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად იმყოფებოდა. ირწმუნება, რომ ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მოტივით მოსთხოვა ნომრის დატოვება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ნომრის დატოვებას არ აპირებს "მე არ გავალ და პოლიციის ძალით თუ გამიყვანთ, კი ბატონო" - ამბობს ხათუნა ბერიძე.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებიათ სასტუმროს ადმინისტრაციაში. კომენტარისგან თავი შეიკავა სასტუმროს მფლობელმა ანზორ ბოლქვაძემაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში