ნაფიცი მსაჯულები, რომლებმაც ''კაცის მძევლად აყვანის'' საქმეზე უნდა იმსჯელონ, ისევ ვერ შეარჩიეს

16 აპრილი 2019, 00:00 2472 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები დღესაც ვერ შეარჩიეს.  16 აპრილს სასამართლო დარბაზში 9 კანდიდატი გამოცხადდა. ისინი სამოქალაქო რეესტრიდან შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს.

ნაფიც მსაჯულების შესარჩევად ორი სხდომა გაიმართა, მაგრამ მხარეებმა 14 კანდიდატი შერჩევა ვერ მოახერხეს. 14-დან 2 მსაჯული სათადარიგო უნდა იყოს. 

დღეს ჩანიშნულ სხდომაზე 9-დან 5-მა კანდიდატმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. დარჩენილი ოთხი მსაჯულიდან ორი მხარეებმა აიცილეს. 2 შემთხვევაში კი, დაუსაბუთებელი აცილება გამოიყენეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გამოიტანონ. საქმე ეხება გასული წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევას, სამ პირს ბრალად კაცის მძევლად აყვანა და ძარცვა ედებათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.

ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. 

ბათუმის სასამართლოში, საქმის განსახილველად დარბაზი 2016 წლიდან მზადაა, თუმცა არც ერთ ბრალდებულს აქამდე მსაჯულთა ინსტიტუტი არ აურჩევია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში