სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტელეგრამის“ ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

24 აპრილი 2024, 14:38 416 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული.

„დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2 500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში