საზოგადოებას მედია მდარე პროდუქციით კვებავს, ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ''გამოთაყვანდეს''

10 აპრილი 2019, 00:00 2450 ნახვა

"საზოგადოება სასოწარკვეთილებაშია", "საზოგადოება უნდა დავაბრუნოთ რეალობაში, რომელიც არ არის ისე მძიმე, როგორც აღიქმება", "საზოგადოების აღქმას" მედია კვებავს მდარე ხარისხის პროდუქციით, ასე თუ გაგრძელდა შეიძლება "გამოთაყვანდეს" - ეს შეფასებები "ქართული ოცნების" პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, ტელეკომპანია" იმედის" ეთერში გააკეთა.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ სიტუაცია საგანგაშოა და მის გამოსასწორებლად სერიოზული მობილიზაციაა საჭირო, სიტუაციის გამოსასწორებლად კი, ქართული კინოს აღორძინებას აანონსებს: "პირდაპირ ვიტყვი, რომ საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი, სასოწარკვეთილება. სუბიექტური აღქმაა იმის, რასაც შვებიან ჩვენი ოპონენტები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ მობილიზება, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ასეთი მძიმე, როგორც აღიქმება".

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების განწყობების შესასწავლად კვლევა ბრიტანულ კომპანიას დავუკვეთა და საკმაოდ მძიმე სურათი მიიღო. "ჩვენზე ღარიბ ქვეყნებში ბედნიერების ინდექსი არის ჩვენზე მაღალი და მაგალითად, ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში ჩვენზე უარესი" - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

"პრობლემა უფრო მძიმე და მასშტაბურია, ვიდრე 2020 წლის არჩევნების გამოწვევა, სადაც "ქართულ ოცნებას"  არანაერი საფრთხე არ ემუქრება.  ჩვენი მედია, საიდანაც საზოგადოების აღქმა მოდის, თუ ანალიზს გავუკეთებთ საშინელება იხატება. მედიიდან პირდაპირ მოდის დედის გინება, ლანძღვა-გინება მოედინება, მდარე სერიალები და პროდუქცია. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით განგაში ავტეხოთ. მედიასაშუალებები იაფი ტრიუკებით ცდილობენ საზოგადოების მიზიდვას. უფრო გლობალური პრობლემა დგას, ვიდრე 2020 წლის არჩევნები. გამოწვევაა, რომ საზოგადოება არ წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ გამოთაყვანებული საზოგადოება შეიძლება მივიღოთ, ბოდიშის მოხდით".

ბიძინა ივანიშვილის თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე მობილიზება, რის გამოც ფონდ" ქართუს" დაფინანსებით ქართულ კინოინდუსტრიას ააღორძინებს. "„ჩვენ გვაქვს უნიკალური ისტორია. უცხოელებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოზე ვესაუბრებოდი, დააფიქსირეს, რომ სულ ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი ისტორიით, ჩვენი უწყვეტი კულტურით, ჩვენი იდენტობით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საამაყო ფურცელი ისტორიაში. ამ მდარე სერიალებით ჩვენ მივდივართ იქ, რომ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ მთლიანად. შესაბამისად, მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს, მათ რიცხვში დაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს „ქართუ“ ფონდი. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს, მათ რიცხვში სერიალებიც, ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები, რომლებითაც არ ვიცი, რას მივიღებთ შედეგად. ჩვენ გადავდგამთ მკვეთრ ნაბიჯებს“," - ამის შესახებ მან ტელეიმედთან ინტერვიუში ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში