საფრანგეთში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ქართველები დააკავეს

01 მარტი 2019, 00:00 1682 ნახვა

13 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.  ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, „ქურდული სამყაროს“ წევრი - ბ.ჩ.

''გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.

ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი,  ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი ნივთმტკიცებად ამოიღეს, '' - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში